,,არავის ვრიცხავთ და არავის ვუზღუდავთ თავისუფლებას, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გარედან ოპოზიციასავით ურტყავდე”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე იმსჯელეს, რითაც უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა უნდა მოხდეს.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, სხდომაზე გადაწყდა, რომ პარლამენტის ყველა წევრი კენჭისყრის დროს თავისუფალი იქნება.

„უმრავლესობის სხდომაზე იმ საკითხებზე ვიმსჯელეთ, რაც საზოგადოებაში აქტუალურია. გავაგრძელეთ მსჯელობა იმ კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, რითაც უნდა მოხდეს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა. კიდევ ერთხელ დადასტურდა უმრავლესობის შიგნით გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის ყველა წევრი კენჭისყრის დროს თავისუფალი იქნება და შესაბამისად, საკუთარი სინდისითა და ღირსებით იმოქმედებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, დღის წესრიგში პარტიიდან არავის გარიცხვის საკითხი არ დასმულა.

„ვიმსჯელეთ, რომ პარტიული დისციპლინის დაცვა ის მინიმალური სტანდარტია, რაც ამ საქმეში ჩართულ პოლიტიკოსებს მოეთხოვებათ. ეთიკური სტანდარტი მოითხოვს, მიღებული წესები გაიზიარო, ხოლო თუ მიღებული წესები არ მოგწონს, ამ შემთხვევაში ყველა თავისუფალია. ყველა თანახმაა, რომ სამართლიანი წესები ყველა მიმართულებით უნდა არსებობდეს და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება სამართლიანი წესებით უნდა იმართებოდეს. მიხარია, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სწორედაც რომ შიდა დემოკრატიის მაგალითს აძლევს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატ გედევან ფოფხაძის განცხადებებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„რთულია მის მაგივრად საუბარი, მაგრამ უმრავლესობას ჯანსაღი პოზიცია აქვს. არაკორექტულია ის, რომ ამავდროულად გუნდის შიგნით იყო და ამავდროულად გუნდს გარედან ურტყავდე. პოლიტიკურ სისტემას თავის მართვის წესები აქვს და მართვის წესები ეთიკურობის ფარგლებში უნდა ჩაჯდეს. ჩვენ არავის ვრიცხავთ, თავისუფლებას არავის ვუზღუდავთ, მაგრამ არც ის გვინდა მივიღოთ, რომ გუნდის შიგნით იყო და გუნდ გარედან ოპოზიციასავით ურტყავდე“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების საქმე და ირაკლი კობახიძის განცხადება – ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარეს სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს
შემდეგი სტატიაპოლიციამ საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა