არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს – თალაკვაძე

არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს – ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ 2020 წელს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტმა საკმარისი ხმები ვერ მიიღო, თუმცა არც ერთ სხვა ხელისუფლებას, პოლიტიკურ პარტიას, „ქართული ოცნების“ გარდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

„მიუხედავად იმისა, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევის ინიციატივამ, სამწუხაროდ, საკმარისი ხმები ვერ შეაგროვა საქართველოს პარლამენტში, გადაწყვეტილება, რომელიც ერთი წლის წინ მივიღეთ, 2024 წელს პროპორციული არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რჩება ძალაში და არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას, წინა რომელიმე ხელისუფლებას, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს გადაწყვეტილება ერთი წლის წინ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ და ის არის ასახული კონსტიტუციაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას და დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალება არავის მიეცემა.

„ქვეყანა გააგრძელებს განვითარებას. თანამოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, რომ იქნება სიმშვიდე, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაიმე სახით ქვეყანაში დესტაბილიზაცია იყოს. პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია დღის წესრიგში. ეს არის: მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს გაუადვილებს საკუთრების დარეგისტრირებას, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც ამ ორი კვირის განმავლობაში განიხილება, საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტი, სადაც არის გათვალისწინებული ხელფასების ზრდა ექიმებისთვის, პედაგოგებისთვის, მასწავლებლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პოლიციელებისთვის და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. გათვალისწინებულია პენსიების ზრდა, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რესურსი დევნილებისთვის საცხოვრისების ასაშენებლად, ისევე, როგორც მსხვილი რეგიონული პროექტებისთვის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამას და მივიღებთ.

რაც შეეხება 2020 წლის არჩევნებს, 2020 წლის არჩევნები აუცილებლად ჩატარდება დემოკრატიულად, გამჭირვალედ და სამართლიანად, ჩვენ ვენდობით ჩვენს თანამოქალაქეებს და პატივს ვცემთ ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ 2020 წლის არჩევნებში. ამიტომ, მოვუწოდებ ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილს, რომლის მთავარი პროგრაამაა, როგორმე სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება გაიმეორონ ხშირად, ვერანაირი ბლოკირება ვერ მოხდება სახელმწიფო ინსტიტუტების, ეს სცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელწმიფოს ამაზე მომავალშიც ექნება საკუთარი რეაქცია. შესაბამისად, პარლამენტი აგრძელებს ფუნქციონირებას და ჩვენთვის ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის ის საკითხები, რაც ჩამოვთვალე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიფორმულასთან“ და „მთავარ არხთან“ არავის აქვს შესათანხმებელი, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და პირად ცხოვრებას როგორ დავგეგმავთ-თალაკვაძე
შემდეგი სტატიამატროსოვის ციხე არ “დააბოქლომონ” და დანარჩენს ავიტანთ – თეა წულუკიანი