არ შეიძლება სირაქლემის პოზაში ყოფნა – აქციის მონაწილეები ივანიშვილის რეზიდენციასთან მივლენ

თავისუფლების მარში პარლამენტის შენობასთან 19 საათზე დაიწყება და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან გადაინაცვლებს. მსვლელობაში მონაწილეობას რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც მიიღებენ.

აქციის მონაწილეები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და მთავრობას შინაგან საქმეთა მინისტრის გადაგომას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ.

„7 საათზე ვიკრიბებით პარლამენტთან, სადაც გვექნება ჩვეულებრივი სახის აქცია, როგორც ყოველ დღე. ხოლო, დაახლოებით, 8-9 საათისთვის დავიძვრებით ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან, მის შუშის სასახლესთან. ისინი ცდილობენ, ყოველდღე რაღაც ახალის გამოგდებას, რომ ყურადღება გადაგვატანინონ, მაგრამ მთავარი ადამიანი, რომელმაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, არის გიორგი გახარია. ამის გათვალისწინებით, ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გადადგება გახარია“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მარიამ გეგუჩაძე.

სამოქალაქო აქტივისტებს თავისუფლების მარშის ფარგლებში სხვადასხვა პერფორმანსი და აქტივობა აქვთ დაგეგმილი. ახალგაზრდები შუშის სასახლესთან კიდევ ერთხელ მოითხოვენ 20 ივნისის სისხლიანი ღამის შედეგებზე პასუხის აღებას.

„გზადაგზა ჩვენ გვექნება სხვადასხვა ტიპის პერფორმანსები. ასევე სახლს როდესაც მივუახლოვდებით, დაგეგმილი გვაქვს აქტივობები, რომლებიც იქნება ნიშანდობლივი და დაანახებს ბატონს, რომ მან უნდა გაიგოს ძალიან ბევრი რამ, რომ მან უნდა დაინახოს, ასე არ შეიძლება სირაქლემის პოზაში ყოფნა“, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი წევრი, გეგა სალუქვაძე.

20 ივნისს გამართული ანტიუსაოკუპაციო აქციის დარბევის შემდეგ მოსახლეობა პერმანენტულ აქციებს მართავს. მათ ერთადერთი და უცვლელი მოთხოვნა აქვთ, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.

banner
წინა სტატიაში,,ჩვენი სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი ნაწილია, როდესაც კახეთიდან წასული რუსი ტურისტი მართალ ინფორმაციას ჩაიტანს თავის ქვეყანაში “
შემდეგი სტატიასოფელ პერევში ტყე-კაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენით სამუშაოები მიმდინარეობს