უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია, – უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აპლიკაცია stop covid, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ.
საბჭოს სხდომაზე, ასევე აღინიშნა, რომ შესაძლო შემთხვევების დროული იდენტიფიცირებისა და მკურნალობისთვის დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია ტესტირების სისტემა. ამ მიზნით, მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა.