მთავრობამ სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ჩამონათვალი განსაზღვრა; შიდა ტურიზმის გახსნის პარალელურად, მუშაობას მუზეუმებიც განაახლებენ

საქართველოში ეკონომიკის გახსნის პარალელურად გაზრდილი ეპიდემიოლოგიური რისკების ეფექტური მართვის მიზნით, მთავრობამ ის მაღალი რისკის ჯგუფები განსაზღვრა, რომელთაც სავალდებულო PCR ტესტირება მუდმივად ჩაუტარდებათ. კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევის სტანდარტული განმარტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხას მთავრობის განკარგულება მოიცავს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, აღინიშნა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ამ ეტაპზე შესაძლო შემთხვევების დროულ იდენტიფიცირებასა და მკურნალობას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, შესაბამისად, ტესტირების სისტემა ამ კუთხით დამატებითი ქმედითი ინსტრუმენტია.

კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აპლიკაცია stop covid, რომელიც მოქალაქეებს აძლევს ინფორმაციას, ჰქონდათ თუ არა კონტაქტი ინფიცირებულ პირთან, ასევე აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია stop covid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია.

საბჭოს წევრებმა განიხილეს შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, ის სასტუმროები კი, რომელთაც გახსნის ნებართვა ოფიციალურად მიიღეს, უკვე აქტიურად იჯავშნება.

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, მუზეუმების გახსნის შესახებ. სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილება სავალდებულო იქნება მუზეუმის პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, უკვე შემუშავებულია და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

გაზრდილი მობილობისა და შიდა ტურიზმის გახსნის პირობებში რისკების ეფექტური მართვის მიზნით, გრძელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა თუ სარეკრეაციო სივრცეებში, დადგენილი სტანდარტების შესრულების მკაცრი კონტროლი, დარღვევების შემთხვევაში კი გამოყენებულია კანონით განსაზღვრული ჯარიმები.

ამასთანავე, კვლავ ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომლის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობენ.

ამ ეტაპზე, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 888 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 731 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიააპლიკაცია stop covid – აფრთხილებს იმ ლოკაციების შესახებ, რომლებთანაც СOVID-19-ით ინფიცირებულ ადამიანებს შეხება ჰქონდათ