აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებას, ერთმანეთთან კომუნიკაციით, ერთმანეთის რესურსების გაცვლითა და ხელშეწყობით თავიანთი საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას.

ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარ ბიბლიოთეკას წარმოადგენს, ხელს შეუწყობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ელექტრონული ბიბლიოთეკის განვითარებას, აფხაზეთის თემატიკაზე ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების, ერთობლივი სხდომების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება – ჩატარებას.
ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სახელით ეროვნულ ბიბლიოთეკას სამახსოვრო საჩუქრად გადასცა წმინდა გიორგის ხატი. უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ცნობილი მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილი, დრამატიზმით აღბეჭდილი ნამუშევრის – „რექვიემის“ ბანერის ბიბლიოთეკის სივრცეში განთავსების მიზანშეწონილობით დაინტერესდა; აფხაზეთის ტრაგედიის ამსახველი ნაწარმოების გამოფენის იდეა მოიწონა გიორგი კეკელიძემ.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალში მონაწილეობდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, აპარატის თანამშრომლები ნინო ხუნჯუა, რიტა ცინდელიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის მისაღწევად.

banner
წინა სტატიაშიახალგაზრდობის სააგენტო რეგიონული ტურნეს ფარგლებში მესტიას ეწვია
შემდეგი სტატიაფეხით ბანძიდან სვეტიცხოვლამდე