ანტიქრისტიანულ დიქტატურას ამყარებენ და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია – მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ქადაგებისას მორიგი ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაცია საქართველოში “ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარებას” ემსახურება.

“დღეს არის ისეთი დრო, როცა მიმდინარეობს ანტიქრისტიანული დიქტატურის დამყარების პერიოდი. კანონმდებლობით უნდა შემოიტანონ ყველა საკითხი… ფაქტიურად ამ კანონებით ხელ-ფეხი უნდა შეუკრან საქართველოს და ამას ევროკავშირის კანდიდატობისთვის პირობების შესრულება ჰქვია. ამაში მონაწილეობს ყველა, ვინც პირნათლად შეასრულებს რაც დააკისრეს. ვინმემ იცის, რა წერია იმ მოთხოვნებში? ლაპარაკობენ პოლარიზაციაზე და დეოლიგარქიზაციაზე, დანარჩენი საკითხები საერთოდ არაა განხილვაში. თვითონვე განიხილავენ და იქ მერე კანონებად გადასახავენ, ყველანაირად შეკრავენ და გეტყვიან, კანონი უზენაესია, მიდით და ყველამ შეასრულეთ”, – ამბობს მეუფე სტეფანე.

ამავე კონტექსტში საუბრისას, მეუფე სტეფანე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ “ევროკომისია საქართველოსგან გეი ქორწინების აღიარებას ითხოვს”:

“ფერად-ფერადი ცხოვრება იმ 12 პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენა აუცილებლად ეს უნდა ვაღიაროთ და ყველა, ვინც ხმას ამოიღებს, უნდა მოიშთოს, ეკლესიის მიმართაც არის ეს ფარული. ეკლესია არასოდეს შეეგუება, რომ ეს ფერად-ფერადი ცხოვრება… მე კულტურულად ვლაპარაკობ, იმ სიტყვებით რომ ილაპარაკო, რა სიტყვებითაც ისინი გვახვევენ ამ ყველაფერს, შეუძლებელია. ერთი რამეა, კაცს კაცზე და ქალს ქალზე გათხოვებას ვინც უჭერს მხარს, ის არის სოდომური ცოდვის დამმკვიდრებელი და ის, რაც სოდომური ცოდვისთვის ეწევა ადამიანს, ყველაზე არის ეს წყევლა. არა ჩემგან, არამედ ბიბლიიდანაა და ეშინოდეს ყველას, ვინც ამას ამკვიდრებს”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმრცხვენია, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, რომ მას ხმა მივეცი – მეუფე სტეფანე ზურაბიშვილზე
შემდეგი სტატიანაპროკურორალი, მედიის ვითომ ხელმძღვანელის გულისთვის, აშშ-ის ელჩი ზეწოლას ახდენს მოსამართლეზე – მეუფე სტეფანე ნიკა გვარამიაზე