ანტიკონსტიტუციური იყო, როდესაც საქართველოს აჩვენეს იატაკზე გართხმულ პრეზიდენტს როგორ მიათრევდნენ – ხერხეულიძე

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით, ინიციატივა დღეს დარეგისტრირდება.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მესამე პრეზიდენტს სამშობლოში ნორმალური სამედიცინო სერვისი არ მიეწოდება.

ხერხეულიძის განცხადებით, საუბარი არ არის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერზე, არამედ ორი ვადით არჩეულ პრეზიდენტზე.

„მოგეხსენებათ გუშინ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანებული ოპოზიციის თაოსნობით შუამდგომლობა დავაყენეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გათვალისწინებით მისი ქვეყნიდან გაყვანის თაობაზე, რადგან მას ადგილზე ნორმალური სამედიცინო სერვისი არ მიეწოდება.

ეს არ გახლავთ მართლმსაჯულებაზე თავის არიდება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შუამდგომლობა. აქედან გამომდინარე ეს არ არის მხოლოდ ერთპარტიული ინიციატივა, ამას შეუერთდება როგორც სხვა ოპოზიციური პარტიის, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები.

ჩვენ არ ვსაუბრობთ ერთი პარტიის ლიდერზე, ჩვენ ვსაუბრობთ ორი ვადით არჩეულ პრეზიდენტის სიცოცხლეზე. აქედან გამომდინარე ეს არის საქვეყნო საქმე და მგონია, რომ ამ ინიციატივას ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება.

ინიციატივა დღეს დარეგისტრირდება და ჩვენი ფრაქციის სახელით იუსტიციის მინისტრს გაეგზავნება. ანტიკონსტიტუციური გახლდათ ის პოზიცია, როდესაც საქართველოს აჩვენეს იატაკზე გართხმულ პრეზიდენტს როგორ მიათრევდნენ, სწორედ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, ეს იყო ნებისმიერი მოქალაქისთვის კონსტიტუციის თავზე დახევა.

თუ ახლა ასეთ საკითხებზე ვილაპარაკებთ, რა იყო ანტიკონსტიტუციური და კონსტიტუციური, უამრავი რამ შემიძლია ვთქვა. როდესაც ადამიანი იმსახურებდა ღირსეულ მკურნალობას და გადაიყვანეს სამხეცეში, იქ სადაც კიდევ უფრო დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საზოგადოებამ კარგად იცის რატი ბრეგაძე ბევრად უფრო პირნათელია თუ ჩვენ და თავად მიხეილ სააკაშვილი“, – აცხადებს „მთავართან“ საუბარში ეკა ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშიშვეიცარიულ ბანკთან მიმართებაში პრეტენზიები ადრეც იყო, ამ თემაში აშშ-ის მონაწილეობა მნიშვნელოვანწილად გამორიცხულია – ვოლსკი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის მოადგილე – რამდენადაც ვიცი, პატიმრობამისჯილი პირის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს