ანრი ოხანაშვილი: „ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე

„„ქართული ოცნების“ გუნდმა შევძელით და დავამკვიდრეთ კულტურა, რასაც ქვია კრიტიკული აზრის მოსმენის უნარი, რასაც ჰქვია ის, რომ სახალხო დამცველი ეს არის საქართველოს პარლამენტის ხელში მექანიზმი და ბერკეტი ადამიანის უფლებების ზედამხედველობის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებები ეს არის საკითხი, რომელიც ყოველთვის უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების საგანი, ყოველთვის უნდა მოხდეს მათზე ზრუნვა. ადამიანის უფლებები და მისი დაცვა არის მუდმივად დინამიური პროცესი, შესაბამისად, ყველა ხელისუფლების ამოცანა და ვალდებულება უნდა იყოს მუდმივი ზრუნვა ადამიანის უფლებების გაუმჯობესებაზე. არ არსებობს დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არ იყოს გამოწვევები, შესაბამისად ჩვენ ქვეყანაშიც არის გამოწვევები თუმცა, შეუძლებელია არ დაინახო და არ შეაფასო ის პროგრესი, რაც წლიდან წლამდე „ქართული ოცნების“ გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტის ამაღლების კუთხით გაკეთდა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში მოისმინეს.

დეპუტატმა გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

„ჩვენ შევძელით და პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და აღარ შედის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ჩვენ შევძელით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გავიტანეთ ცალკე ორგანოდ. ის აღარ შედის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში და შესაბამისად, ისიც არის დამოუკიდებელი ორგანო. სწორედ, ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში, მოხერხდა სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის განხორციელება, სწორედ იმ რეფორმების, რომელიც შეფასებულია მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხერხდა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მთელი რიგი სტრუქტურები, რომლებიც ზრუნავენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, რომლებიც მონიტორინგს ახორციელებენ ადამიანის უფლებების დაცვაზე და შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო უშუალოდ, უწყებრივად, გახდა ორგანო რომელიც სისტემაშივე ზრუნავს ადამიანის უფლებების დაცვაზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშჭვილმა.

მან ყურადღება გაამახვილა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნაზე და აღნიშნა, რომ 2012 წლამდე, ვერავინ გაბედავდა შეექმნა სისტემა სისტემაში, რომელიც შეძლებდა და გამოიძიებდა საქმეებს, რომელიც შეეხებათ მოხელეებს, მასთან გათანაბრებულ პირებს და სამართალდამცავი ორგანოს პირებს თუკი ისინი ჩადიან შესაძლო დანაშაულს.

ერთ-ერთ მთავარი საკითხი სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში შეეხებოდა 20- 21ივნისის საკითხებს. ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, გაასაღონ თითქოს აქ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევას, რაც მისი თქმით, არის ტყუილი.

„სახალხო დამცველს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ამ საქმეში ყოფილიყო ჩართული, რაც იყო უპრეცედენტო გადაწყვეტილება. შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია და დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა რა გამოძიების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი და გამონაკლისის სახითმ სახალხო დამცველს მისცა საქმის მასალების გაცნობის უფლება, რაც კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული თუმცა, გამონაკლისის სახით ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც უდაოდ დადებითი ფაქტია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი თქმით, რასაც ოპოზიციური ჯგუფები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ამ დროს ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევას, თითქოს სახალხო დამცველი არ იყო სათანადოდ ჩართული, თითქოს არ არსებობდა ლეგიტიმური მიზანი სამართლებრივი სიკეთის დაცვის თვალსაზრისით, თითქოს არ ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები – არის ტყუილი.

„შესაბამისად, ამას უნდა გავცეთ ადეკვატური პასუხი. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლება დაცულია მანამდე, ვიდრე ეს შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს. მას შემდგომ, რაც შეკრება მიიღებს კანონსაწინააღმდეგო ხასიათს სწორედ, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებატა ევროპული კონვენციის მუხლებზე დაყრდნობით, სახელმწიფო არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულია ჩაერთოს პროცესებში და შეწყვიტოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება. ჩვენ ყველა ვადევნებდით თვალყურს იმ პროცესებს, რაც ხდებოდა პარლამენტის წინ, როდესაც სამართალდამცავ ორგანოს წარმომადგენლებს, სპეციალურ აღჭურვილობას, ჯგუფურად, ძალადობის გამოყენებით, ართმევდნენ, გამოჰყავდათ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და მათ ესროდნენ სხვადასხვა საგნებს, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, იმ დესტრუქციული, მარგინალური პოლიტიკური ლიდერების მოწოდებები თუ რასთან გვქონდა საქმე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ეს ყველაფერი, თუ როგორ იგეგმებოდა და როგორ ხორციელდებოდა მოწოდება პარლამენტის შენობაში შეჭრის შესახებ. არა მხოლოდ არსებობდა პირდაპირი, რეალური და იმწუთიერი საფრთხე არამედ, აღნიშნული მოწოდების შედეგად, შეკრების მონაწილეების მხრიდან უშუალოდ, განხორციელდა პირდაპირი ქმედებები პარლამენტის შენობაში შესაჭრელად. ეს არის ნებისმიერი დემოკრატიული, ცივილიზებული სახელმწიფოს ვალდებულებაა აღკვეთოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სახელმწიფოს ჰქონდა ლეგიტიმური მიზანი, ემოქმედა და შესაბამისად, დაეცვა როგორც შეკრების სხვა მონაწილეთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს გამართული ფუნქციონირება. „ დადასტურებულია, რომ ამ ლეგიტიმური მიზნის ფარგლებში სახელმწიფოს ჰქონდა მოქმედების სრული უფლება და ეს უნდა გამოყენებულიყო. სამწუხაროა და მძიმეა ჩვენთვის, რომ მოხდა მშვიდობიანი მანიფესტანტების დაზიანება. ეს არის ძალიან მძიმე ადამიანურად, ძალიან მძიმეა მორალურად. სწორად აღინიშნა, რომ 20 ივნისის დღე იყო ჩვენი შეცდომა, ხოლო 20 ივნისის ღამე ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ქმედება და ჩვენ ამას თვალს ვუსწორებთ, ჩვენ არ გვერიდება შეცდომის აღიარება თუმცა ჩვენ ვალდებულება გვაქვს დანაშაულს ვუპასუხოთ სათანადოდ. რაც შეეხება იმას იყო თუ არაპროპორციული ძალა გამოყენებული, რა თქმა უნდა ეს არის საკითხი, რომელიც იყო ჩვენი ამოცანა, ამაზე ყოფილიყო პასუხი და შესაბამისად, აქაც საუბარი იმაზე, რომ გაიცა ბრძანება დარბევის, დაშლის, ეს არის ტყუილი. სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ასეთი ბრძანება არ დაფიქსირებულა. პირიქით, მინისტრის, მისი მოადგილეების მხრიდან იყო ბრძანება, რომ არ განეხორციელებინათ შესაბამისი ქმედებები“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ამოღებულია შესაბამისი დოკუმენტაცია ,ვიდეოჩანაწერები, სამართალდამცავი ორგანოს სამი თანამშრომელი უკვე არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახალხო დამცველის 21 წინადადებიდან საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, პროკურატურამ სრულად გაიზიარა 11 წინადადება ხოლო, დანარჩენების გაზიარებაზე დასაბუთებული უარი განაცხადა.

მისი თქმით, ფაქტები და სახალხო დამცველის ანგარიში მეტყველებს იმაზე, რომ ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელებულიყო სამართლებრივი სიკეთის დასაცავად.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ისაუბრა განხორციელებულ სასამართლო რეფორმაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ მხარი ამ რეფორმის მეოთხე ტალღას მხარი არ დაუჭირა.

„ჩვენ უნდა ვამხილოთ ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, საუბრობენ სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე, ხოლო მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვატარებთ რეფორმებს სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის ისინი ამას მხარს არ უჭერენ. მეოთხე ტალღის ფარგლებში საუბარი იყო იუსტიციის საბჭოს საქმიანობის საჯაროობის გაუმჯობესებაზე, დამოუკიდებელი ინსპექტორის დამოუკიდებლობის სტანდარტის ამაღლებაზე, საუბარია იმ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლების დამტკიცებაზე, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლამდე ჩადენილი ქმედებების გამო ნაციონალურ მოძრობას ასამართლებდა არა ერთ საქმეზე, სადაც უხეში გაუფრთხილებლობის გამო, მოსამართლეების დევნა ხორციელებდა რაც ჩვენ შევცვალეთ და ესეც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სასამართლო სისტემის და მოსამართლეების დამოუკიდებლობის გაძლიერების თვალსაზრისით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი გამამართლებელი განაჩენი ქართულ სასამართლო სისტემაში, განახევრებულია აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, თითქმის განახევრებულია საგამოძიებო მოქმედებაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების მაჩვენებელი, 18 -ჯერ შემცირებულია გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირებულია ჯარიმის შეფარდების მაჩვენებელი, რვაჯერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, დაახლოებით 8-ჯერ ევროპულ სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების რაოდენობა. მან ასევე ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე.

„„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, ხალხს ვისაც და კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლომ დაგიდგინათ პირდაპირ სიცოცხლის პოზიტიური უფლების ხელყოფა ნამდვილად არ გაქვთ მორალური უფლება რამე თქვათ პენიტენციურ დაწესებულებაზე. როდესაც თქვენ რაიმეს იტყვით აუცილებლად ჩვენ გეტყვით სიმართლეს. თქვენთვის ადამიანის უფლებები არის წარსული და თქვენ ვერ იღებთ იმას, რომ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო სისტემური დარღვევები თუმცა, ჩვენთვის უფლებები არის აწმყო. ჩვენ ვხედავთ პრობლემებს და ჩვენ ვზრუნავთ იმისთვის რომ გაუმჯობესდეს ადამიანის უფლებები. ჩვენი ვალდებულებაა ვიზრუნოთ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე, ჩვენი ვალდებულებაა მუდმივად მონიტორინგი განვახორციელოთ ადამიანის უფლებებზე და ვიზრუნოთ იმაზე, რომ ის მავნე წარსული რაც არსებობდა 2012 წლამდე – აღარასოდეს აღარ დაბრუნდეს ქართულ რეალობაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა გეგიძე: „არ ვაირებ პრემიერ-მინისტრის მორიგ არაფრის მომტან და შინაარსისგან დაცლილ საცირკო შოუს დავესწრო და ჩემი ყოფნით პატივი დავდო“
შემდეგი სტატიაპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ყაჩაღობაში ბრალდებულებს 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ