ანდერს ფოგ რასმუსენი: ბოლო ანგარიშების მიხედვით, რუსეთი კვლავ ცდილობს ჩაერიოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში

არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის ტრანსატლანტიკური კომისიის თავმჯდომარე, ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობს, რომ ბოლო ანგარიშების მიხედვით, რუსეთი კვლავ ცდილობს ჩაერიოს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში.

ამის შესახებ NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც ქართული პარტიებისა და კანდიდატებისთვის საარჩევნო პირობის დადებისკენ მოწოდებას შეეხებოდა. ტრანსატლანტიკური კომისიის მიერ შემუშავებულ დათქმაზე ხელმოწერით, პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკებს, რაც პირდაპირ, თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს.

“საქართველოს დემოკრატიული პროგრესი და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებები აწუხებს რუსეთს, ამიტომაცაა, რომ მოსკოვი მიზანში იღებს ამ არჩევნებსაც. აქედან გამომდინარე, ტრანსატლანტიკურმა კომისიამ შეიმუშავა დათქმა საარჩევნო წესიერების დასაცავად, რომელსაც აქვს გლობალური სტანდარტები, რათა ხელი შეუწყოს ჯანსაღ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს. ამ დათქმის აუდიტორია არის არა ჩვენი კომისია, არამედ ქართველი ამომრჩეველი.

ამ დათქმის მიზანია, რომ შეამციროს ჩარევის საფრთხე და გაზარდოს ქართული დემოკრატიის მედეგობა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ. მათ, ვინც უცხოეთიდან ერევიან, იციან, რომ კანდიდატებს სჭირდებათ გამარჯვება და ზოგიერთი მათგანი დამატებითი დახმარების მისაღებად ნებისმიერთან ითანამშრომლებს, მაგრამ ამ შეთანხმებით ჩვენ ვთხოვთ კანდიდატებს, რომ ცხადად თქვან, რომ ისინი წინ აღუდგებიან ნებისმიერ პირდაპირ, თუ ირიბ დახმარებას უცხოელი ბოროტი აქტორებისგან. მოკლედ, ეს არის შეთანხმება ნებისმიერი კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პატიოსანი და წესიერი კამპანიის წარმოება.

ჩემი გზავნილი ქართულ პარტიებთან და კანდიდატებთან არის მარტივი – ხელი მოაწერეთ დათქმას.

„ჩვენ არ მივცემთ კრემლს იმის საშუალებას, რომ ჰქონდეს იარაღი დაბლოკოს საქართველოს გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ არჩევნებში ჩარევის გზით.სამხედრო სტანდარტები უკვე ძალიან მაღალია და შესაბამისობაშია ნატოს სტანდარტებთან. ასევე ძალიან ბევრი გაკეთდა სამოქალაქო სექტორშიც იმისთვის, რომ ქვეყანა ნატო-ს სტანდარტებს დაახლოვებოდა. ასე რომ, ამ პერსპექტივიდან, თქვენ ამზადებთ ნიადაგს,“- აღნიშნა რასმუსენმა.

მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს არჩევანზე, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს უფლება, რომ დაბლოკოს საქართველოს გადაწვეტილება ევროკავშირში ან ნატო-ში გაწევრიანების შესახებ. საქართველოს წინსვლა ევროკავშირის გზაზე თბილისისა და ბრიუსელის გადასაწყვეტია და არა კრემლის,“- აღნიშნა რასმუსენმა.

banner
წინა სტატიაშიპეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი მარნეულში მომხდარ ინციდენტსა და გუშინდელ პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების დელიტიმიტაციის შესახებ