ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრების განცხადებას მისთვის ცენზურის დაწესებად მიიჩნევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს არ მოეწონათ ის, რომ მე “ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები” სასამართლოს კონტროლის მცდელობაში დავადანაშაულე. ძალიან ვწუხვარ, თუ ეს რომელიმე მათგანმა საკუთარ თავზე მიიღო, – ამის შესახებ იუსტიციის საბჭოში პრეზიდენტის მიერ წარდგენილმა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ის საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის და საბჭოს წევრის ლევან თევზაძის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლითაც მათ ანა დოლიძე შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებაში დაადანაშაულეს.

“მათ მსჯელობას და უარყოფით დამოკიდებილებას ჩემი განცხადებების მიმართ ვიღებ როგორც მცდელობას, რომ დაადუმონ, ერთ-ერთი შედარებით კრიტიკულად განწყობილი საბჭოს წევრი”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დოლიძის თქმით, მისი დღევანდელი განცხადება – „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენებისგან დღეს მიდის გადამწყვეტი ბრძოლა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ძალაუფლება შეინარჩუნონ”, გასაუბრებაზე მყოფმა ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი გოგინაშვილმა საკუთარ თავზე შეურაცხყოფად მიიღო, ამიტომ მისი აცილება მოითხოვა.

“ძალიან საინტერესო იყო რომ მოსამართლემ, რომელსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვს სასამართლო სფეროში, დააყენა ჩემი აცილების საკითხი, თუმცა განხილვის განმავლობაში მსჯელობა იყო კონცენტრირებული იმ გაღიზიანებაზე, რომელიც მოსამართლე წევრებში გამოუწვია ჩემმა დღევანდელმა განცხადებამ “ადეიშვილის ნარჩენებთან” დაკავშირებით. მე ძალიან ვწუხვარ, თუ საბჭოს წევრმა მოსამართლეებმა საკუთარ თავზე მიიღეს განცხადება, რომ სასამართლო ადეიშვილის ნარჩენებისგან უნდა გათავისუფლდეს. მათ დღევანდელ მსჯელობას მე მივიღებ, როგორც მცდელობას, დააწესონ ცენზურა იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთ წევრზე, რომელიც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს”, – განაცხადა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ანა დოლიძის განცხადებას იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრი ლევან თევზაძე გამოეხმაურნენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ლევან თევზაძის განცხადებით, საბჭო პარლამენტს მიმართავს, ეთიკის ნორმები საბჭოს არამოსამართლე წევრებზეც გავრცელდეს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. დღეს საბჭო 17 კანდიდატს გაესაუბრება.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე უნდა იყოს უფრო ძლიერი”- თენგიზ ფხალაძე
შემდეგი სტატიადიმიტრი გვრიტიშვილი – ანა დოლიძე ალბათ, იმის პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს, ვინც მოავლინა