ანა ბუჩუკური – გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ანა ბუჩუკური ამბობს, რომ 2020 წლის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, გახარიას “საამნისტიო არაფერი სჭირს”. ბუჩუკურის თქმით, გახარიას გუნდმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას კონსესუსი შესთავაზა, იმისთვის, რომ შარლ მიშელის მიერ წარდგენილი საბოლოო დოკუმენტი შესრულებულად ჩაითვალოს.

კერძოდ, ბუჩუკურის თქმით, უმრავლესობამ უნდა გაითვალისწინოს ოპოზიციის პოზიცია და ამნისტია არ გაავრცელოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, სანაცვლოდ კი, ოპოზიციამ დათმოს და დათანხმდეს, რომ ამნისტია წინაპირობების გარეშე ყველა პოლიციელზე გავრცელდეს.

​”თუ საჭირო გახდა, ბევრჯერ გავიმეორებ გიორგი გახარიას საამნისტიო არაფერი სჭირს. ჩვენ ორივე მხარეს კონსესუსი შევთავაზეთ იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი კეთილსინდისიერად შესრულებულად ჩაითვალოს. კერძოდ, შევთავაზეთ, რომ უმრავლესობამ გაიზიაროს ოპოზიციის პოზიცია და არ გაავრცელოს ამნისტია სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, ანუ იმ პირებზე რომლებსაც ეს თანამდებობა ეკავათ 2019 წლის 20 ივნისს და ამის სანაცვლოდ, ოპოზიციამ დათმოს და ამნისტია გავრცელდეს ყველა პოლიციელზე ყოველგვარი მოთხოვნების და წინაპირობების გარეშე”,-თქვა ანა ბუჩუკურმა.

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციისთვის, ამნისტიის კანონპროექტის მმართველი გუნდის ვერსია მიუღებელია. როგორც “ლელოს” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ის არ შეესაბამება საქართველოს მიერ ნაკისრ შიდა და საერთაშორისო ვალდებულებებს.

“ეს კანონპროექტი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა, არის სრულად შეუსაბამო საქართველოს მიერ ნაკისრ შიდა და საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების სამართლის კუთხით”,-თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ერთობლივი განცხადება – ნატო-სა და ევროკავშირის ორ ქვეყანას შორის მოძრავი „რაინეარის“ სამოქალაქო თვითმფრინავის დასაკავებლად მოიერიშე თვითმფრინავის გამოყენება მეკობრეობაა
შემდეგი სტატიასაფრანგეთი თვლის, რომ რუსეთთან ლუკაშენკოს რეჟიმის დასრულების მიზნით დიალოგია დასაწყები