ანა ბაგრატიონმა გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს – ადვოკატი

ანა ბაგრატიონმა გამოძიებას მიაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა მას გაუთქმელობის ვალდებულება აქვს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს – ეს განცხადება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ელისო რუხაძემ დაკითხვის შემდეგ გააკეთა.

ანა ბაგრატიონი პოლიციის მთავარ სამმართველოში გუშინ მრავალი საათის განმავლობაში იკითხებოდა და მას კომენტარი არ გაუკეთებია.

„დასრულდა მრავალსაათიანი გამოკითხვა. ანა ბაგრატიონმა გამოძიებას მიაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია. როგორც უკვე გუშინ აღვნიშნე, ხელი გვაქვს მოწერილი გაუხმაურებლობის ხელწერილზე, რაც ნიშნავს ვალდებულებას, რომ ჩვენ ვერ ვისაუბრებთ დეტალებზე. ერთადერთი, რისი განცხადებაც, ვფიქრობ, აუცილებელია, ეს არის ჩემი კოლეგის, ლევან ჩხაიძის განცხადება, რომელიც მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვა თურმე არის სირცხვილი და ჩვენ, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი და მე, სამი დღის მანძილზე ტყუილად ვკარგავთ დროს. ეს ასე ნამდვილად არ არის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ანა ბაგრატიონი აკეთებს და ეს არ არის ის, რასაც ლევან ჩხაიძე კამერების წინაშე გიცხადებთ. დეტალებთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ვერ გეტყვით, თუმცა მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რომელიც ჩემი მოსაზრებით, შეიცავს სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს. მათ შორის, ცემის ფაქტთან დაკავშირებით”,- განაცხადა რუხაძემ.

კითხვაზე, თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს, ადვოკატი პასუხობს, რომ სამართალდამცავების გადასაწყვეტია, თუ რა ფორმით გაგრძელდება გამოძიება.

გარდა ამისა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ მედიისგან შეიტყო.

“ისევე გავიგე მედიისგან ეს ინფორმაცია, როგორც საზოგადოების სხვა წევრებმა. ვფიქრობ, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში. მქონდა ეს მოლოდინი, როგორც სხვა საქმეებში ხდება ხოლმე და ვფიქრობთ, რომ დავით ბაგრატიონის მიმართ მოქმედებს სამართლის ნორმები ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მოქალაქეების მიმართ. შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ რაიმე პრივილეგიებით უნდა ისარგებლოს ან დავით ბაგრატიონმა ან ანა ბაგრატიონმა გამოძიების პროცესში. ეს არის ერთი ჩვეულებრივი ძალადობის და დანაშაულის გამოძიების საქმე და შესაბამისად, აქ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. მე ჯერ არ გამირკვევია, რის გამო დატოვა მან ქვეყანა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ანა ბაგრატიონის გამოკითხვა დასრულდებოდა, ის უნდა დაბარებულიყო საგამოძიებო ორგანოებში”,- განაცხადა ელისო რუხაძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს კობა გვენეტაძე მიდის
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : ნატო-ს მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება გააძლიერებს უსაფრთხოებას შავ ზღვაზე