ამირან გამყრელიძე : თუ შევასრულებთ რეკომენდაციებს და პირბადის ტარების მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, ამ თვის ბოლოს შეიძლება, ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახევროთ

admin
ავტ.: admin დეკემბერი 7, 2020 13:09

ამირან გამყრელიძე : თუ შევასრულებთ რეკომენდაციებს და პირბადის ტარების მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, ამ თვის ბოლოს შეიძლება, ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახევროთ

თუ ყველა შევასრულებთ დადგენილ რეკომენდაციებს სამი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით, პირბადის ტარების მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება, ახალ შემთხვევათა რიცხვი გავანახვროთ, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს 200-ის ფარგლებში,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და უკვე 65% შეადგინა.

ამასთანავე, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ დღეს ინფიცირების ახალი შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი მეტწილად იმ ფაქტორით არის განპირობებული, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში ჩატარებული ტესტების რაოდენობა იყო შემცირებული.

„საქართველოში დღეს გვაქვს 2501 ახალი შემთხვევა. ეს ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი განახევრებულია და უფრო მცირეა პარასკევისა და შაბათის მონაცემებთან შედარებით. ეს, ძირითადად, განპირობებულია იმით, რომ ტესტირების რაოდენობა შაბათ-კვირას მცირდება – პარასკევს ჩვენ გვაქონდა 18 ათასზე ოდნავ მეტი ტესტირება ერთ დღეში ჩატარებული, შაბათს გვქონდა, დაახლოებით, 15 ათასამდე ტესტი და გუშინ ჩატარებულია 10 ათასამდე ტესტი. ეს შაბათ-კვირის ჩვეულებრივი ფენომენია, როდესაც მხოლოდ PCR-ზე ვიყავით, მაშინაც, დაახლოებით, გვქონდა 4-5 ათასი ტესტი კვირა დღეს და შემდეგ დღეებში ეს მაჩვენებელი იმატებს. ჩვენ, დაახლოებითი, სამიზნე გვაქვს, რომ ამ კვირაში გავაფართოვოთ მაქსიმალურად ტესტირება, ძირითადად PCR, პლუს ანტიგენზე დამყარებული ტესტები და ის 20 ათასამდე გავზარდოთ. ამის ძირითადი მიზანი არის, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ ინფიცირებულები და მათ მივცეთ რეკომენდაცია იზოლირების შესახებ, რათა თავიდან ავიცილოთ ინფიციცრების შემდგომი გავრცელება,“- განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოსახლეობას მიმართა, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში თვითდინებითაც მიმართონ იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც ტესტებს სრულიად უფასოდ გაუკთებენ.

„კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას და გთხოვთ, რომ ამ შეზღუდვების პირობებში, მაქსიმალურად გავაფართოვოთ გამოვლენის მაჩვენებელი, თუ ყველა შევასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც დადგენილია ამ სამი კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს გავზრდით, რომელიც უკვე 65%-მდე გაიზარდა, მაგრამ თუ ამ მაჩვენებელს ავიყვანთ მაქსიმუმზე, 95%-ზე, ამ თვის ბოლოს ჩვენ შეიძლება ახალ შემთხვევათა რიცხვი მართლაც სერიოზულად გავანახევროთ და სერიოზული ტენდენცია შეიქმნას ქვეყანაში ქვესვლის, ხოლო აპრილისთვის დღიური მაჩვენებელი ჩამოვიდეს 200-ის ფარგლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის. ქვეყნის დაახლოებით 200-ზე მეტ ადგილას ხელმისაწვდომია დღეს ტესტირება, მხედველობაში მაქვს ანტიგენის ტესტირება, ყველა სტაციონარში, ყველა სტაციონარიზებული ავადმყოფისთვის და ასევე, თბილისში, დაახლოებით, 42 ამბოლატორიულ დაწესებულებაში და მთელი საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 150-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებაში ხელმისაწვდომია ეს და არის უფასო. სიმპტომებიან ადამიანს შეუძლია მიმართოს, როგორც ექიმის დანიშნულებით, ასევე ყოველგვარი დანიშნულების გარეშე, მივიდეს თვითდინებით.“- განაცხადა გამყრელიძემ.

admin
ავტ.: admin დეკემბერი 7, 2020 13:09