,,ამ მოჭიდავეების ფედერაციის ამბებმა გამახსენა მამაჩემის ძველი სიტყვა, რომელიც არა და არ კარგავს აქტუალობას ამ ქვეყანაში”-ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია ფეისბუქ გვერდზე პოსტს აქვეყნებს,სადაც მოჭიდავეების ფედერაციის ამბებს ეხმაურება.საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის თქმით, ზვიად გამსახურდიას სიტყვები აქტუალობას ქვეყანაში არასდროს კარგავს.

,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადეს

,,ამ მოჭიდავეების ფედერაციის ამბებმა გამახსენა მამაჩემის ძველი სიტყვა, რომელიც არა და არ კარგავს აქტუალობას ამ ქვეყანაში. არადა, ჯერ როდის ამბობდა, მაგრამ ვინ მოუსმინა… ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა. ეს ატომიზებული, დეზორგანიზებული, კორუმპირებული საზოგადოება სსრკ პროდუქტია, რომელიც ორგანულად შეითვისა ქართულმა სოციალურმა სხეულმა. რატომ – ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ ისევე, როგორც ქურდული მენტალობის განვითარებაში მხოლოდ სსრკ არ იყო დამნაშავე, ისე აქაც – ამ მანკიერებებს ქართველი კაცის გონებაში ნოყიერი ნიადაგი დახვდა.

ყველგან – სპორტში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში, კვლევით ინსტიტუტებში – ჩაბუდებულია ეს ქურდულ-კუტოკური აზროვნება და ამას მხოლოდ ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლა ვერ უშველის. ეს არის მიკროსამყაროები, რომელთა უპირველესი მიზანია:
1) დაფარული იყვნენ დღის შუქისაგან
2) ჰქონდეთ საკუთარი სამართალი და სასჯელი
3) მათში განმსაზღვრელი იყოს არა ზოგადადამიანური თუ ზოგადნაციონალური ფაქტორები და პრინციპები, არამედ ფული და გავლენა. ექიმის შეცდომები საექიმო საზოგადოებამ უნდა გაარჩიოს, მასწავლებლების – მასწავლებლებმა, სპორტსმენის – სპორტულმა ოჯახმა, პოლიტიკოსების – ცნობილია ვინც. და მა კანონი და წესრიგი ვიღასთვისაა? საწყლებისთვის და უპატრონოებისთვის.”-აცხადებს ცოტნე გამსახურდია

მისივე თქმით, ქართველი საზოგადოება ვერასდროს ვერაფერზე შეთანხმდება და ქვეყანაშ მშვიდობა ,სამართალი და თანასწორობა ვერასდროს დაისადგურებს

,,ასეთი მაკროელემენტებისგან შემდგარი საზოგადოება ვერასდროს ვერაფერზე შეთანხმდება. აქ არასდროს იქნება მშვიდობა, სამართალი, თანასწორობა, ურთიერთპატივისცემა. ყოველთვის იქნება ჯუნგლების კანონი, სიდუხჭირე, ერთი პროცენტი – მჭამელი და 99 – მათხოვარი, რომელიც იმ ერთ პროცენტში მოხვედრაზე ოცნებობს. ვის აწყობს ეს შინ და გარეთ, თავადაც კარგად ხვდებით…

და აი, შეპირებული მამას სიტყვაც:

„ზ. გამსახურდია: მაფიოზური დაჯგუფებების ესოდენ დიდი სიმრავლე, პირველ რიგში, კომუნისტური, ტოტალიტარული წყობილების მანკიერებაა, ვინაიდან მან მოუსპო ადამიანს საშუალება კანონიერი და სამართლიანი გზით შემოსავლის ქონისა, კარგი ცხოვრებისა და წარმატების მიღწევისა მოღვაწეობის ამა თუ იმ სფეროში, ამიტომ მიჰყვეს ხელი უკანონო და დანაშაულებრივ გზას, რითაც გამრავლდნენ მაფიები. ეს არის ფაქტობრივად დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც უპირისპირდებიან სიმართლეს, სიკეთეს, ჭეშმარიტებას, კანონიერებას. მათ წინააღმდეგ ბრძოლა დამსჯელი ორგანოების მეშვეობით, რასაკვირველია, უსარგებლოა; ისევ და ისევ საჭიროა იმ სისტემის დანგრევა, რამაც ეს ყოველივე წარმოშვა. ამ სისტემის ლიბერალიზაცია არის საჭირო, მისი მისადაგება ადამიანის ნორმალური მოთხოვნილებისადმი, შემოსავლის გაზრდა, რათა ადამიანმა შემოსავლის ძიებაში არ დაარღვიოს კანონიერება.
ჩვენი სახელმწიფო წყობილების გაჯანსაღება, ეკონომიკური ღონისძიებები გამოიწვევს შემდგომ ამ მაფიების დაშლას, ისინი შეწყვეტენ არსებობას. სანამ კომუნისტური სისტემის რეციდივები გვექნება, მაფია ყოველთვის იარსებებს.

ზ. გამსახურდია: პატარა სამეფოები, პატარა იმპერიები კულტურასა და მეცნიერებაში უნდა მოისპოს. აქ პატარა ლიდერები – მეფეები და თავადები – არიან, რომლებიც თავის კლანს იკრებენ გარშემო. ეს კლანი შემდეგ იბრძვის თავისი ინტერესებისთვის. თავისი მოგებისთვის და ყველანაირი პირადი კეთილდღეობისთვის. როდესაც უფრო დემოკრატიული გახდება მმართველობა ამ სფეროებში, ეს გამოიწვევს ამ მაფიების არსებობის შეწყვეტას.
საქართველო სამხრეთის ქვეყანაა და აქ ზარმაცთა, მუქთახორათა და უსაქმურთა წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან რთულია.”-წერს ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაში“შეგვპირდნენ, რომ მამა კონსტანტინესთან ერთად გადაწყვეტენ საკითხს” – გარემოვაჭრეების შეხვედრა საპატრიარქოში
შემდეგი სტატია„აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები“ – გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე 4 წლის გოგონა პოლიციამ საავადმყოფოში მიიყვანა