ამ დროისთვის საპენსიო სქემა 162 ათასზე მეტმა დატოვა, აქედან 42 საჯარო მოხელეა

როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, ლევან სურგულაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, 18 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემა 162 103-მა ადამიანმა დატოვა.

აქედან კი 119 651 კერძო სექტორის წარმომადგენელია, 42 115 კი საჯარო მოხელე.

საპენსიო სქემა დატოვა იმ ადამიანების თითქმის ნახევარმა, ვისაც გასვლის უფლება ჰქონდა. ამ ფაქტს სურგულაძე იმით ხსნის, რომ სააგენტომ ამ ადამიანების სათანადო ინფორმირება ვერ მოახერხა იმის შესახებ, “თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს რეფორმა”.

სქემაში ამჟამად 911 897 მონაწილეა – 737 294 კერძო და 211 842 საჯარო მოხელე. ჩართულია 58 811 კომპანია.

ფონდის ღირებულება ჯამში 385 512 760 ლარია, საიდანაც 9 მილიონზე მეტი დარიცხული სარგებელია.

ფონდში აკუმულირებული თანხა ამჟამად განთავსებულია დეპოზიტებზე ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში (დაახლოებით 50%-50%). სარგებელი საშუალოდ 7-8%-ს შეადგენს. დაგროვილი თანხით ინვესტიციები უნდა განხორციელდეს, რასაც სააგენტოს საინვესტიციო საბჭო წყვეტს.

საბჭოს მოვალეობა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაა, რომლის მიხედვითაც ინვესტიციები განხორციელდება.

banner
წინა სტატიაში“მნიშვნელოვანია,რომ ეს დოკუმენტი იყოს სათანადოდ დაცული” – ომბუდსმენი ე.წ მუქარის წერილის დედანზე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – შალვა თადუმაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად უნდა გაიწვიოს