ალეკო ელისაშვილი – პრეზიდენტს „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებებზე პოზიცია არ დაუფიქსირებია

პრეზიდენტს გუშინ ჩვენი პარტიიდან ლევან იოსელიანი შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იყო კომუნიკაცია. მას აინტერესებდა არგუმენტები, თუ რატომ არ დავუჭირეთ მხარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომელიც განსაკუთრებით ჯარიმების გაზრდას ეხებოდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენს შეხვედრაზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია.

„ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილს მოახსენა ჩვენი არგუმენტები და უთხრა, რატომ მიგვაჩნია ეს, უფლებების თვალსაზრისით უკან გადადგმულ ნაბიჯად. პრეზიდენტი ვეტოს დაადებს თუ არა, არ ვიცი ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ ფაქტია, რომ ის კონსულტაციებს აწარმოებს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და აინტერესებს არგუმენტები ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტს პოზიცია არ დაუფიქსირებია, მას უბრალოდ აინტერესებდა ჩვენი არგუმენტები და პოზიცია. უბრალოდ ისმენდა, რამდენადაც ლევანმა მითხრა. ძალიან მარჩიელობა გამოვა, რომ ვთქვათ პრეზიდენტი თვალების მიხედვით რას ფიქრობდა და ფიქრთა დინება დავიჭირეთ თუ არა მისი თითების მოძრაობით. ეს სერიოზული არ იქნება. არ ვიცით, ფაქტია, რომ აინტერესებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ფიქრობს ვეტოზე. ვისურვებდი, რომ მან ვეტო დაადოს ამ კანონპროექტს, მაგრამ ვნახოთ რა იქნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფლებების თვალსაზრისით ეს უკანგადადგმული ნაბიჯი და საბჭოთა კავშირისკენ სვლაა, რასაც მხარს არ ვუჭერთ. რაც შეეხება მეორე საკითხს, რა თქმა უნდა 12 საათი სჯობს 24-ს, მაგრამ 24 ორჯერ უკეთესია, ვიდრე 48 საათი. კანონპროექტის პირველ ვერსიაში 48 საათიანი დაკავება იყო. ამას „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი პარტიებს – თუ არ შერიგდით, ვის რაში სჭირდება თქვენი პარლამენტი და თქვენი პარლამენტში შესვლა
შემდეგი სტატიაპარლამენტის წევრები საჯაროდ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან