ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ემუქრებიან და ქართულ-აფხაზური პროექტების შეწყვეტას სთხოვენ

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ემუქრებიან. ირაკლი გოგია შესაბამისი უწყებების მხრიდან რიაგირებას ელოდება და მზად არის მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. გოგიას მტკიცებით, მას ქართულ-აფხაზური პროექტების შეწყვეტას სთხოვენ და მობილურ ტელეფონში მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან.
ახმეტელის თეატრი ქართველი და აფხაზი მსახიობების მონაწილეობით რამდენიმე პროექტს ახორციელებს – და გოგია ზეწოლას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.
ამასთან დაკავშირებით ახმეტელის თეატრი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს:
“ჩვენი თეატრი ჩაერთო კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებლის იოჰან გალტუნგის სიტყვებით ეს იყო 1992 წლის მერე ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელმაც გამოიწვია ქართველების და აფხაზების სერიოზული დახლოვება შემოქმედებითი პროცესის ირგვლივ; ჩვენი ქმედებები იყო სრულიად გამჭვირვალე და არანაირად არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილი; ჩვენ ყველაგნ ხაზს ვუსვამდით რომ ეს არის ადამიანური ურთიერთობების აღდგენის პროცესი. ამ პროცესში ჩვენი მედიატორი იყო ინდოეთის მაჰათმა განდის ფონდი.
ირაკლი გოგიამ მის კოლეგებთაც ერთად ეს პროცესი ძალიან წარმატებულად წარმართა, რასაც ხელშესახები შედეგები მოჰყვა; აფხაზები მეგობრულად ჩაერთნენ პროექტში. ეს უაღრესად პოზიტიურად შეაფასეს მსოფლიოში ამ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა და მშვიდობის დარგის ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
ამ პროცესის ფონზე ძალიან საგანგაშოა რომ ირაკლი გოგიას მისამართით დღეს პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გაისმა კონკრეტული მუქარები სმს-ების სახით. მანამდეც ჰქონდა მუქარებს ადგილი. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მოუწოდებენ აფხაზებთან ურთიერთობებს თავი დაანებოს! ჩვენ, ახმეტელის თეატრის დასი ვდგავართ სამხატვრო ხელმძღვანელის გვერდით; მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს რომ გამოიძიონ ვინ დგას ამ მუქარის უკან და რა ჯგუფების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ირაკლი გოგიას ასე დაშინება; ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ვიღაც არ გვპატიობს აფხაზებთან შემრიგებლურ პოლიტიკას.. შესაძლოა ეს იყოს ოკუპირებულ საზღვარზე კონტრაბანდაში ჩაბმული რუსული სპეცსამსახურების კვალი! ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ქართული სახელმწიფოსა და ხელისუფლების გვერდში დგომის, ვინაიდან ის რასაც ვაკეთებთ ჩვენ – არის დიდი ნაბიჯი წინ საქართველოში პოზიტიური მშვიდობის დამყარებისათვის;
დიდი იმედი გვაქვს რომ გამოძიება დაადგენს ამ მუქარის ავტორებს და ნათელს მოჰფენს ამ სიტუაციას;” ნათქვამია თეატრის სპეციალურ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინანი ბრეგვაძის კონცერტი მოსკოვში – რაჭველი, ქათამაძე მელაძე, გვერდწითელი
შემდეგი სტატიაუმრავლესობამ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია დაარეგისტრირა