“ახალი თაობა”-გახარიას გაპრემიერება ამერიკაში გადაწყდება

უკვე მეორე წელია, რაც საქართველო გიორგი გახარიას გაპრემიერებაზე საუბრობს. ის ამ თანამდებობასთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ქვეყნის მმართველი გადაწყვეტილებას ცვლიდა, რაშიც მას “ოცნების” ზოგიერთი ლიდერიც ეხმარებოდა.
მმართველ პარტიაში შინაგან საქმეთა მინისტრი გულზე დიდად არ ეხატებათ. მათ მზეს არც შს მინისტრი ფიცულობს. საქმეები ისე მიდის, რომ მეოცნებეთა ნაწილის ნების წინააღმდეგ გახარია მთავრობის მეთაური მაინც გახდება. “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ სწორედ შს მინისტრის გაპრემიერებას უკავშირდება გახარიას აშშ-ში ვიზიტი.

ამ საპატიო მიზეზის გამო არ იმყოფებოდა ის 6 აპრილს ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენისას. არადა ყველამ იცის, რომ ივანიშვილს სამეგრელოს რეგიონი გახარიასთვის აქვს ჩაბარებული. ის აქტიურად მონაწილეობდა მერობის კანდიდატის შერჩევაშიც.
აქედან გამომდინარე, ზუგდიდში მისმა გამოუცხადებლობამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა. კითხვების გაჩენას ხელი შეუწყო `ოცნების~ ზოგიერთმა ლიდერმა. მათთან დაახლოებული ხალხი ამტკიცებდა, რომ მთავარი მეოცნებე გახარიას გაგდებით დაემუქრა. იყო მეორე ვერსიაც _ შს მინისტრი ივანიშვილს მოსკოვში წასვლით აშანტაჟებს.

იმ დროს, როცა მავანი მას სამოსკოვედ ულაგებდა ჩემოდნებს, ქვეყნის პირველი პოლიციელი ამერიკაში მიფრინავდა. ის იქ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და როგორც “ოცნებასთან” დაახლოებული წყარო გვიყვება, ამის შესახებ მმართველ პარტიაში ბევრს არ ჰქონდა ინფორმაცია.
ჩვენი წყარო ამბობს, რომ გახარიას იქ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება, სადაც მსტოვართუხუცესს რაღაც კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ მინისტრმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა გაუქროს მითი იმის შესახებ, რომ ის მოსკოვის კაცია.

ამის გაკეთება ადვილი არ იქნება. გახარია წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოსკოვში. იქ ჰქონდა ბიზნესი და სერიოზული ფულიც იშოვა. საქართველოს მთავრობაში სამუშაოდ პირდაპირ მოსკოვიდან ჩამოიყვანეს.
გახარიას მოსკოვის კაცს ეძახდა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიც. ყველაზე გავლენიანმა მღვდელმთავარმა საჯაროდ განაცხადა, რომ შს მინისტრის გაპრემიერებას არ დაუშვებდა.
ბოლო დროს პატრიარქის ქორეპისკოპოსს მსტოვართუხუცესი აღარ უხსენებია. როგორც ამბობენ, მათ შორის ყველაფერი მოგვარდა. იმასაც ამბობენ, რომ ბოდბელ ეპისკოპოსს არასწორად მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახარია სასულიერო პირებზე კომპრომატებს აგროვებდა.

არც ის არის შემთხვევითი ამბავი, რომ ამერიკას ბოლო დროს ხშირად სტუმრობს მეუფე იაკობი. ცოტა ხნის წინ მას ეპარქიაში საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც ესტუმრა. პატრიარქის ქორეპისკოპოსს მკვეთრად გამოხატული ანტირუსული პოზიცია უკავია.
მთავარი პოლიციელი ბოლო ხანებში მღვდელმთავრებს ხშირად სტუმრობს. თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე ის მთავრობის წევრებთან ერთად არ დგას.

ახლო მომავალში მას მინისტრებთან ერთად მაინც მოუწევს დადგომა. ამერიკული ტესტების გავლის შემთხვევაში ის პრემიერი გახდება და მთავრობის სხდომების ჩატარება მოუწევს.
თუ მთავარი პოლიციელი მთავრობის მეთაური გახდა, ეს იქნება მესამე შემთხვევა, როცა შს მინისტრი პრემიერად წავიდა.
პირველად ეს მიხეილ სააკაშვილმა 2012 წელს გააკეთა, როცა ვანო მერაბიშვილი შს მინისტრობიდან მთავრობის მეთაურად გადაიყვანა.
მსგავსი ამბავი 2013 წლის დამლევსაც ვიხილეთ. პრემიერობიდან წასულმა ბიძინა ივანიშვილმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი აკურთხა, რომელიც მანამდე მთავარი პოლიციელი იყო.

ორივე შემთხვევა ცუდად დასრულდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მერაბიშვილი ციხეში გაუშვეს, ღარიბაშვილი კი ძალიან უცნაურად მოხსნეს თანამდებობიდან და “ოცნება” ასეთ წკვარამში რომ არ ჩავარდნილიყო, ივანიშვილი მას არც კი დააბრუნებდა.
პრემიერობა არც გახარიასთვის იქნება იოლი. მას თავისი გუნდი არ ჰყავს. “ოცნებაში” ის არ უყვართ. მასთან დაპირისპირებულია კახა კალაძეც. ამბობენ, რომ მთავარ პოლიციელს არც ღარიბაშვილი სწყალობს.

ამ ამბავში გახარიასთვის კარგი ისაა, რომ კალაძე და ღარიბაშვილი დასანახად ვერ იტანენ ერთმანეთს და, დიდი ალბათობით, ვერ გაერთიანდებიან. თუმცა ქართულ პოლიტიკას ამათზე უარესად დაპირისპირებული ხალხიც დაუყენებია ერთ პოზიციაზე.
მართალია, მსტოვართუხუცესის დაწინაურების ამბავი ჯერ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ `ოცნებაში~ აღიარებენ, რომ ის ძლიერი პრემიერი იქნება. ყველაფერს ისევ ივანიშვილს დაეკითხება, მაგრამ მთლად მამუკა ბახტაძე არ იქნება.
ამ უკანასკნელს, როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ქვეყანაში საქართველოს ელჩად გაუშვებენ. ადრე ვარაუდობდნენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე ის იქნებოდა “ოცნების”  სიის პირველი ნომერი, ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ კი ეს მოცემულობა შეიცვალა. საარჩევნო სიის პირველნომრობას ღარიბაშვილს უწინასწარმეტყველებენ.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიახალი საქართველოს უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას სახელობის სააქტო დარბაზი გაიხსნა
შემდეგი სტატიაარჩილ გამზარდია: ბიძინა ივანიშვილი სწორედ იმ ფაზაშია, როგორშიც იყო შევარდნაძე 2003 წელს და სააკაშვილი 2012 წელს