აკაკი ზოიძე – მედიკამენტ „ტამიფლუზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდა დროული და კარგი გადაწყვეტილებაა

region
: region იანვარი 11, 2019 16:40

აკაკი ზოიძე – მედიკამენტ „ტამიფლუზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდა დროული და კარგი გადაწყვეტილებაა

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ მედიკამენტ „ტამიფლუზე“ ხელმისაწვდომობის გაზრდა დროული და კარგი გადაწყვეტილებაა.

„გულწრფელ მწუხარებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ოჯახის წევრებიც შეეწირნენ ვერაგ დაავადებას. ექიმის დანიშნულებით „ტამიფლუ“ ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოქალაქისთვის, რაც საქართველოს მთავრობის დროული და კარგი გადაწყვეტილებაა. აქამდე ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილისთვის ორსულების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ეს პრეპარატი ხელმისაწვდომი იყო, მაგრამ ახლა თავიდან რომ ავიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა და შესაძლო პანიკა, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ექიმის დანიშნულების გარეშე „ტამიფლუ“ არ უნდა მოიხმარონ, მათთვის კი, ვინც დღეს საავადმყოფოში მკურნალობს, მედიკამენტის საკმაო მარაგია.

„არც პირბადეების და არც „ტამიფლუს“ პრობლემა ხელმისაწვდომობის კუთხით დღეს არ არის. ჯანდაცვის სისტემა აბსოლუტურად მზად იყო ამ ვირუსისთვის. სამწუხაროდ, ეს თავიდან მაინც არ გვაცილებს ადამიანების მსხვერპლს, აქ უკვე ჯანდაცვის სისტემის გარდა, მოქალაქის ფაქტორიც არის. მოქალაქემ დროულად უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს ვაქცინაცია შემოდგომაზე, როცა რეკომენდაციას ვაძლევთ და ამით თავიდან ავიცილებთ ტრაგედიებს, რომელიც ხდება”, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 12 იანვრიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ უფასოდ არამარტო რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის გაიცემა.

region
: region იანვარი 11, 2019 16:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,967
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics