ადვოკატი-“ოქროს მოწმე” კაპანაძემ უგულავას დანაშაულის მტკიცებულება ვერ წარმოადგინა

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლომ პროკურატურის “ოქროს მოქმე”, ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა ჯვარედინი წესით გამოკითხა.

პროკურატურა უგულავას 2011 წელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის უკანონოდ დაფინანსებას.

დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ უგულავას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თქვა, რომ მოწმე კაპანაძე “უაღრესად დაბნეული იყო და თავისსავე პასუხებში იხლართებოდა”.

“ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ლონდონში განხორციელებულ მუქარაზე არ მიმართა ბრიტანელ სამართალდამცველებს, მიუხედავად იმისა, რომ ყავს ადვოკატები და იარსებებდა კამერების ჩანაწერებიც. ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ ენდობა ლონდონის პოლიციას. ამის შემდეგ მიმართა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ლონდონში განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით და თან ეს მოხდა ამ სავარაუდო მუქარიდან 2-3 კვირის შემდეგ. ამაზე არასერიოზული განცხადება და ამაზე მეტად დამაეჭვებელი ამ ადამიანის ჩვენებაში რა უნდა იყოს. მოგეხსენებათ, ეს ვითომ მუქარის დამადასტურებელი ფარატინა ქაღალდი გახდა გიგი უგულავას 9-თვიანი უკანონო პატიმრობის საფუძველი.

ამავდროულად იმავე მოწმემ განაცხადა, რომ მას დაავალა თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს, გაეყალბებინათ მისი მეუღლის ხელმოწერა, ორგზის, თან ისე, რომ მისი ცოლი ამის საქმის კურსში არ ყოფილა. როგორ შეიძლება, ეს მოწმე იყოს სანდო სასამართლოსთვის”, – თქვა ბასილაიამ.

ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ მოწმე კაპანაძემ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, რომელიც საქმეში გიორგი უგულავას შემხებლობას დაადასტურებდა.

და მესამე, მნიშვნელოვანი საკითხი – ამ საქმეს აქვს თუ არა კავშირი გიგი უგულავასთან – მოწმემ თქვა, რომ არ შესწრებია გიგი უგულავას და გიორგი ღონიაშვილს შორის საუბარს, არ უნახავს მათი მესიჯები, არ უნახავს, რომ უგულავა რამე თანხას იღებდა თუ არა. შესაბამისად, გიგი უგულავას შემხებლობა ამ საქმეში არაფრით არ დასტურდება” – თქვა ბექა ბასილაიამ.

საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ კი პირიქით, განაცხადა, რომ “რიჟამ” სასამართლოს ძალიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისივე თქმით, გიორგი კაპანაძემ ყველა მტკიცებულება წარმოადგინა უგულავას წინააღმდეგ, მათ შორის აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

“მოწმემ ძალიან დეტალური ინფორმაცია მიაწოდა აბსოლუტურად ყველა გარემოებაზე. რაც შეეხება ფულის გათეთრების სქემას და მასში გიგი უგულავას ჩართულობას: მოწმის მიერ მიცემული განმარტებები დასტურდება ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით და საქმეში ჩართულ სხვა პირთან გიგი უგულავას მიმოწერით.

შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ მოწმის ჩვენება იყო არადამაჯერებელი, არის ცალსახად საღ აზრს მოკლებული.

დაცვის მხარის მიერ მოწმის დაკითხვა არ შეეხებოდა ფულის გათეთრების სქემას, იყო მხოლოდ და მხოლოდ არაარსებითი კითხვები, რომელსაც ფულის გათეთრებასთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონდა.

აბსოლუტურად ყველა ნაწილში არსებობს აუდიო და ვიდეო ჩანაწერი, ასევე სხვა ბრალდებულთან სმს მიმოწერა”, – თქვა სადრაძემ.

საქმის განხილვა სასამართლოში 11 დეკემბერს გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიპორნოგრაფიის ბრალდებით დაკავებული მშობლების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ არაფერი იცოდნენ
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძემ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა