ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილმა ანალიზების გაკეთებაზე უარი თქვა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მან ანალიზების გაკეთებაზე უარი თქვა, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა რთულია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ იყო ჩამოსული, მაგრამ მედიკამენტოზური ჩარევით ეს დარეგულირდა და დაბალანსდა. დღეს ამას ვეღარ ვიგებთ, რადგან ანალიზებზე უარს ამბობს და გაურკვეველ ვითარებაში ვვარდებით, რადგან არ ვიცით, რომელიმე სასიცოცხლო ნიშნული ზღვარს ქვემოთ არის თუ არა. მას გადაადგილებაც უჭირს, რადგან ყოველგვარ გადასხმაზე უარს ამბობს, შესაბამისად, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება”, – განაცხადა გელხაურმა.

ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას სააკაშვილთან კომუნიკაციაში ხელი ეშლება.

“კომუნიკაციის უფლების წართმევა რას ემსახურება, არ ვიცი. მათ რაღაც ტიხრები შეავსეს, საიდანაც შესაძლებელი იყო, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვქონოდა და წერილი მიგვეწოდებინა. დღეს ეს შეუძლებელია. სანამ შეხვედრების ოთახი არ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს და არ აღდგება მისი უფლებები, ის არ აპირებს მკურნალობის გაგრძელებას და ანალიზების ჩაბარებას”, – აღნიშნა გელხაურმა.

მისივე თქმით, ანალიზების ჩაბარებით პროგნოზირებადი იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონტროლი, მაგრამ რადგანაც ამის საშუალება აღარ არსებობს, ადვოკატის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გონება დაკარგოს.

“მისი ჰოსპიტალიზაცია არ ხდება კონსილიუმის მიერ გაწეული რეკომენდაციის თანახმად. თუკი მას გლდანის ციხეში გადაიყვანენ, ეს იქნება დიდი დარღვევა, რადგან მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა იქ გადაყვანაზე, თუმცა დღეს ყველაფრის მოლოდინი შეიძლება გვქონდეს”, – განაცხადა გელხაურმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – მე, პრაქტიკულად, ახლა ვიმყოფები არა ქართულ, არამედ რუსულ ციხეში
შემდეგი სტატიაკობახიძე – ოპონენტების სასოწარკვეთა ცხადყოფს ჩვენი აქციის წარმატებას