ადვოკატი ანა კოტეტიშვილი მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდების გასაჩივრებას არ გამორიცხავს

არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლიც პატიმრობის გამოყენების საფუძველს შექმნიდა, – ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა განაცხადა. ანა კოტეტიშვილის თქმით, გაასაჩივრებს თუ არა საქალაქო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, ოჯახთან კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

„რა თქმა უნდა, დაცვის მხარე არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ სასამართლო აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ამ ნაწილში. ნამდვილად არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომლიც აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების საფუძველს შექმნიდა მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში.

შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობებში, დაცვის მხარე იბრძოლებს ბოლომდე, რათა დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

ვიმედოვნებ, რომ უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო. თუ სამართლიანი სასამართლოს განხილვის პირობები გვექნება, აუცილებლად ნებისმიერი ობიექტური დამკვირვებლისთვის ნათელი გახდება სრული ჭეშმარიტება, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება, მით უმეტეს ახალი მტკიცებულება არ არსებობს.

როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, შს მინისტრის მოადგილემ გააკეთა განმარტება, თითქოს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მიხეილ კალანდია აპირებდა მიმალვას. არსებობს მტკიცებულება და დაცვის მხარე ამას წარმოადგენს, რომ ზუსტად იმ დღეს როდესაც მისი დაკავება მოხდა 11:00 საათზე სასამართლო სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც მიხეილ კალანდია მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო“, – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა.

არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეუფარდა.

წინასასამართლო სხდომა 11 ივლისს, 11:00 საათზე დაინიშნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით ოთხ ივნისს დააკავა. ხუთ ივნისს კი, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კალანდიას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მიხეილ კალანდიას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

banner
წინა სტატიაშიკატასტროფა ყაზბეგში – დაღუპულებს შორისაა პილოტი ილიკო ბაიდაშვილი
შემდეგი სტატიაგიხაროდენ, ხალხნო, მივიღეთ ქვეყანა, სადაც პირადი გარემოცვა ხვდება სახელმწიფო სამსახურში