ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით, დამტკიცებულია „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესი“. სწორედ ამ წესის დაცვით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოხატა. კანდიდატთა სია მოცემულია თანდართულ ფაილში.

„2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შერჩევის წესის“ მე-7 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, კომისიის სამდივნომ განახორციელა საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევა და აღნიშნული შედეგები 2016 წლის 10 თებერვალს კომისიის წევრებს დასამტკიცებლად წარუდგინა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც კომისიის წევრები პირველადი გადარჩევის შედეგებს დაამტკიცებენ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად, შემდეგ კი − კომისიის წევრებთან გასაუბრება. მხოლოდ ამ პროცედურების შედეგად, რაც საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის №623 დადგენილებით დამტკიცებულ წესშია გაწერილი, შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი კანდიდატები შეესაბამებიან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობისათვის აუცილებელ კრიტერიუმებს.

ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი წესისა და ვადების თანახმად, საქართველოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატი არაუგვიანეს 2016 წლის 26 მაისისა უნდა წარედგინოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს. აღნიშნული პანელი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის 10 ნოემბრის რეზოლუციის საფუძველზე შეიქმნა, რათა კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს მისცენ რჩევა, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციის 21(1)-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. კანდიდატთა სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არაუგვიანეს 2016 წლის 26 აგვისტოს წარედგინება; საქართველოდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის არჩევნები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2016 წლის ოქტომბრის სესიაზე იგეგმება. არჩევნებში მონაწილეობას ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია მიიღებს.

banner
წინა სტატიაში62-ე სკოლაში მეოთხე სართულზე ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატია,,ხელისუფლებისთვის იქნება ისეთი ფინალი, როგორიც ყოველთვის იყო “