ადამიანის უფლებათა ცენტრი: პატიმრებს საგადასახადო დავალიანებაზე საურავი არ უნდა ერიცხებოდეთ

“მსჯავრდებულებს, ციხეში ყოფნის პერიოდში, საგადასახადო დავალიანებაზე საურავი ერიცხებათ, რაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მათ ახალი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ ხარვეზის გამოსასწორებლად პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა.

“აღსანიშნავია, რომ საუბარია არა ბანკების დავალიანებაზე, არამედ სახელმწიფოს წინაშე არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე. მსჯავრდებულები, რომლებიც დაკავებამდე ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, პატიმრობაში ყოფნისას მოკლებულნი არიან შესაძლებლობას განაგრძონ ეს საქმიანობა და იზრუნონ დავალიანების გადახდაზე. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო მათ მაინც არიცხავს საურავს. გათავისუფლების შემდეგ შესაძლოა ამ ადამიანებს გაუჩნდეთ ცდუნება, გაზრდილი საურავები დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხით გადაიხადონ,” – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი. ის მიიჩნევს, რომ ცვლილება უნდა შევიდეს “საგადასახადო კოდექსში” და ამგვარი საურავების დარიცხვა შეჩერდეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება განიხილება, რომელიც „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანას“ ეხება.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ აუდიტორია 115-ის წევრების მიერ ყალბი ცნობის შესაძლო დამზადებაზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაIDFI: საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავს