ექიმი მსახიობ რეზი ნასიძეზე – პაციენტი ითხოვდა მედიკამენტს, თუმცა დიაგნოზის დასმის საშუალება არ მოგვეცა

ტკივილის მიზეზის გარკვევის და პაციენტისთვის დიაგნოზის დასმის საშუალება არ მოგვეცა, ვინაიდან პაციენტი კვლევებისა და სამედიცინო ჩარევების განხორციელებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა, – ამის შესახებ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა ზაზა ლურსმანაშვილმა განაცხადა, სადაც მსახიობ რეზი ნასიძესა და ექიმ ნოე ბერიშვილს შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც ექიმი განმარტავს, ნასიძესა და ექიმს შორის კონფლიქტი პაციენტის საავადმყოფოში შეყვანიდან 13 წუთში დაიწყო.

“პაციენტი ითხოვდა მედიკამენტს, იყო სიტყვიერი შელაპარაკება პაციენტსა და მიმღები განყოფილების მორიგე ექიმს შორის. რაც შეეხება იმას, რომ ის დახმარებას ითხოვდა, სამედიცინო პერსონალმა მას ყურადღება არ მიაქცია, ან სათანადო დახმარება არ გაუწია, ეს ასე არ არის. პაციენტი შემოსულია 11:30 საათზე, ინციდენტი 13 წუთშია მომხდარი. ძალიან მალე მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი, მათი მოსვლის შემდეგ ინციდენტი ამოიწურა. ეს ყველაფერი სათვალთვალო კამერების მეშვეობით დასტურდება და ჩემი სუბიექტური აზრი არ არის”, – აცხადებს ლურსმანაშვილი.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, ითხოვდა თუ არა პაციენტი ნარკოტიკს, ექიმი კომენტარს გამოძიების დასრულებამდე არ აკეთებს. მისივე განმარტებით, გამოძიებამ საავადმყოფოში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ამოიღო.

“ექიმის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, ყველანი გამოძიების დასრულებას ველოდებით და სჯობს დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას. ზოგადად, პაციენტი შემოსვლის მომენტიდან აფიქსირებდა უკმაყოფილებას და აპროტესტებდა თავისი პირადი მოსაზრების გამო რაღაც ნიუანსებს. ძალიან მოკლე დროში დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. ჩემი ინფორმაციით, სათვალთვალო კამერების ჩანაწერიც ამოღებულია. ამ ინფორმაციის საფუძველზე ვამბობ ასეთი სიზუსტით, რომ ნამდვილად 13 წუთში მოხდა ექიმსა და პაციენტს შორის კონფლიქტი”, – დასძენს ექიმი.

მისივე განმარტებით, ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, რომლებმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს.

“თვითმხილველი არაერთი ადამიანია, მათ შორის, პაციენტები, რომლებიც იმ მომენტში ჩვენს განწყოფილებაში მკურნალობდნენ. თუმცა სიტუაციის განმუხტვაში დიდი როლი როგორც მე ვიცი, დაცვის თანამშრომელმა შეასრულა, რომელიც კონფლიქტის დაწყების მომენტში პაციენტის საწოლთან იდგა”, -დასძენს ლურსმანაშვილი.

ნასიძის დედის ინფორმაციაზე, რომ ექიმმა პაციენტს “გაუზრდელი და უზრდელი” უწოდა, ასევე ტერმინს, რომ ის “კაი ბიჭი” იყო, ექიმს საუბარი უჭირს.

“ტერმინებთან დაკავაშირებით ვერაფერს გეტყვით. ასეთი სიზუსტით ჩემთვის უცნობია საუბრის შინაარსი, მაგრამ ექიმის გადმოცემით ვიცი, რომ კონფლიქტის ინიციატორი ექიმი ნამდვილად არ ყოფილა”, – აცხადებს ლურსმანაშვილი.

რაც შეეხება მსახიობის დედის განცხადებას, რომ მისი შვილი იწვა, როცა ექიმს ხელი მოუქნია და ამის გამო სერიოზულს დაზიანებებს ვერ მიიღებდა, ლურსმანაშვილი პასუხობს, რომ მისთვის უცნობია, თუ რა მდგონარეობაში იმყოფებოდა ნასიძე კონფლიქტის დროს.

“დანამდვილებით ვერ გეტყვით, მან მწოლიარემ დაარტყა, თუ ფეხზე მდგომმა, მაგრამ ექიმს თვალბუდის არეში აქვს დაზიანება მიყენებული, რის შემდეგაც მან წონასწორობა დაკარგა და ჯერ საწოლზე დავარდა, შემდეგ სცადა წამოდგომა, ვერ შეძლო, წამოდგომისას იქვე მდგომ მაგიდას მკერდით დაეჯახა”, – აცხადებს ექიმი.

მისი ინფორმაციით, ნასიძემ კლინიკა საკუთარი სურვილით დატოვა.

რაც შეეხება კონფლიქტში მონაწილე ექიმს, ნოე ბერიშვილს, ის მკურნალობას სახლში გადის, ბერიშვილს ერთკვირიანი წოლითი რეჟიმი აქვს.

“მისი მდგომარეობა სტაბილურია, მას აქვს ტვინის შერყევა, აქვს ჭრილობა მარცხენა თვალბუდის მიდამოში, აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. რამდენადაც ვიცი, საქმეში არანაირი საგანი არ ფიგურირებს, მუშტის დარტყმის შედეგად დაზიანდა კანის მთლიანობა, ექიმმა დაკარგა წონასწორობა, დაეჯახა საწოლს, მაგიდას და ა.შ. ის კლინიკიდან გაეწერა, ბინაზე მკურნალობს”,-დასძენს ლურსმანაშვილი.

მსახიობ რეზი ნასიძეს მომხდარ ფაქტზე ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ნასიძეც საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ფილტვების ანთება აქვს.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე – თამბაქოზე აქციზის მატების ამოცანაა, ადამიანებმა შეამცირონ ან საერთოდ თავი დაანებონ მოწევას
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრას მოდერაციას უცხოელი სპეციალისტები უწევენ