80 მილიონი დოლარი, რომლის გადახდა სასამართლომ საქართველოს დააკისრა ნოღაიდელის და ხეთაგურის სინდისზეა – თემურ ჭიჭინაძე

საოცარია, მაგრამ ფაქტია, საზოგადოებისათვის მხოლოდ ერთდღიანი „ვნებათა ღელვის“ საბაბი აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა რუსულ ენერგოკომპანია «Интер РАО»-სა და საქართველოს შორის წარმოებული სასამართლო დავა, სტოკჰოლმის არბიტრაჟის მიერ ქართული მხარისთვის რუსული კომპანიის სასარგებლოდ $80 მლნ-ის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.

როგორც ყოველთვის ხდება „ნაცმოძრაობამ“ ხელისუფლებისკენ, ხელისუფლებამ კი პირიქით, „ნაცმოძრაობისკენ“ გაიშვირა ხელი. საზოგადოებამ პოლიტიკური შეხედულების – ვინ ვის მხარესაა – მიხედვით „იმსჯელა“ და საკითხი დაიხურა.

თქმა იმისა, რომ 80 მილიონი დოლარის გადახდა, ისეთი ქვეყნისთვის, სადაც საშუალო ფენა არ არსებობს, სადაც მხოლოდ მდიდრები და ღარიბები ჰქმნიან „ამინდს“, მარტივი და უბრალოდ, რბილად რომ ვთქვათ, უპასუხისმგებლობაა. მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით, 80 მილიონი დოლარის გარდა ამ საქმეში საუბარია „გრიფით საიდუმლო“ დოკუმენტზე – ოკუპანტი ქვეყნისთვის, ტერიტორია ოკუპირებული ქვეყნის მიერ დადასტურებულ ენერგო ოკუპაციაზე.

არის თუ არა ღალატი, ის, რაც 2007 წელს მოხდა? ამ საკითხზე „პროგრესნიუსს“ ესაუბრება საქართველოს ინჟინერთა აკადემიის წევრი, „თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე თემურ ჭიჭინაძე.

ამონარიდი მემორანდუმიდან: „მხარეებმა მიიღეს რა მხედველობაში ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე მიმართული ურთიერთსურვილი, ადრე მიღწეული შეთანხმების რეალიზებისთვის კონკრეტული მოქმედებების დაჩქარების მიზნით, გამოხატეს რა განზრახვა, დაარეგულირონ დაგროვილი პრობლემატური საკითხები სს „თელასსა“ და შპს „მტკვარი ენერგეტიკის“ საქმიანობაში, ხელი მოაწერეს წინამდებარე მემორანდუმს და განსაზღვრეს შემდეგი პრობლემატური საკითხები და მათი გადაწყვეტის შესაძლო გზები“.

– ეს პრობლემატური საკითხი აღმოჩნდა ტარიფი. მემორანდუმის პირველი მუხლი სწორედ ტარიფს ეხება. ჩვენ ხელთ გვაქვს 2007 წლის 20 ივნისს გაფორმებული მემორანდუმი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი დოკუმენტი. სხვა დოკუმენტაცია, როგორც ხელისუფლებამ გააჟღერა, ჩვეულებრივი მოკვდათათვის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაიდუმლოა. 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან 10 წელი გავიდა. ამ პერიოდში ხელისუფლებას თავისუფლად შეეძლო საიდუმლო გრიფი მოეხსნა ყველა იმ დოკუმენტაციისათვის, რომელიც წინა ხელისუფლებამ ხალხს დაუმალა. მეტიც, როცა საკითხი ეხება ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ ობიექტებს და საეჭვო გარემოებებში გაფორმებულ დოკუმენტაციას, ხელისუფლებას, რომელიც სახელმწიფო მართვის სადავეებში მოსვლისას აცხადებდა, რომ აღადგენდა სამართლიანობას, სწორედ ამ დოკუმენტაციის გასაჯაროვებითა და დამნაშავე პირების დასჯით უნდა დაეწყო.

– ეს საქართველოში „ილიჩის ნათურის“ ჩაქრობას გამოიწვევდა.

– არ გამოიწვევდა. დარწმუნებული ვარ, ხელშეკრულებების უმეტესობა, თუ ყველა – არა, რომელიც ნოღაიდელის მიერ იქნა გაფორმებული, კაბალურია და გადასახედია. ,,ინტერ რაომ“ არბიტრაჟში მოუგო საქართველოს და ჩვენ არ ვიცით, რატომ მოიგო, როგორ მოიგო და რამდენი ხანია, რაც სარჩელი შეტანილი იყო საქართველოს წინააღმდეგ. როგორც გაირკვა, 200 მლნ დოლარის დაკისრებას ითხოვდა კომპანია ქართული მხარისთვის და საბოლოდ 80 მლნ დაეკისრა.

საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ყოველივე ეს წინასწარ გამიზნულია! და ემსახურება ბიუჯეტიდან თანხის გადაქაჩვისა რომელიმე სუბიექტის ჯიბეში.

წლების წინ გაფორმებულ ხელშეკრულებებში ბევრი ისეთი ნიუანსია, რომლის გასაჯაროების შემთხვევაში , იქით არის მოსათხოვი ამ კომპანიებსაგან მილიონობით დოლარის შეუსრულებელი ვალდებულები. მაგალითისთვის, ,,თელასთან“ დადებულია გრძელვადიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, 2015 წლამდე ტარიფი საერთოდ არ უნდა გადასინჯულიყო, მაგრამ კომპანიას უკვე 2014 წელს ჰქონდა პრეტენზია. ბოლოს ისე მოხდება, რომ დიდძალი თანხის გადახდა არამიზნობრივად მოუწევთ ბიუჯეტიდან და მიზანმიმართულად მიიღებენ კომპანიები. ცალსახაა, ყველა შემთხვევაში საქართველო ზარალდება.

ამონარიდი მემორანდუმიდან: „მუხლი 1.1. დადგენილ იქნეს სს „თელასის“ ელექტროენერგიის განაწილების გრძელვადიანი ტარიფი სს „თელასის“ ელექტროენერტიის განაწილების გრძელვადიანი ტარიფის (მარჟის) მოქმედების პერიოდი განისაზღვრება 2015 წლის 1 სექტემბრამდე“.

– მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ 200 მილიონის ნაცვლად 80-ის გადახდა წინ გადადგმული ნაბიჯია.

– დიახ, ნამდვილად „დიდი შეღავათია“. პრობლემა, ზოგადად, არ იწყება „სახურავიდან“, ის „საძირკველში“ უნდა ვეძებოთ, თუ გვინდა, რომ სამართლიანი დასკვნები გავაკეთოთ. ამ საკითხის პირველი და მნიშვნელოვანი პრობლემა იწყება დოკუმენტაციის გასაიდუმლოებით, რაც არის ზურაბ ნოღაიდელის „ნოუ-ჰაუ“ – სწორედ ნოღაიდელმა დანერგა გარკვეული დოკუმენტაციების ხალხისგან დამალვა.

სხვათაშორის, ეს არაა მარტო ერთი დოკუმენტი, რომელზედაც ითქვა რომ საიდუმლოა. ნოღაიდელს ბევრ მსგავსი გასაიდუმლოებული დოკუმენტაციაზე აქვს ხელი მოწერილი, რომლის გასაჯაროება ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს და ბევრ გაუგებრობას ააცილებს ქვეყანას!

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ამ დოკუმენტაციის მოპოვება სასამართლოს წესითაც კი შეუძლებელია.

პრემიერ-მინისტრი არის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა, მას პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის წინაშე აკისრია. მოცემულ ვითარებაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოღაიდელმა ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და მოვალეობებს გადააჭარბა, კერძო კომპანიასთან გააფორმა კაბალური, ქვეყნისთვის წამგებიანი ხელშეკრულება. ეს არის დანაშაული, ამიტომ ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ ნოღაიდელისათვის ენერგეტიკა ერთგვარი შემოსავლის წყარო იყო.

მემორანდუმში გარჯკვევით წერია, რომ ის ტარიფებს ეხება. ტარიფებთან პრემიერ-მინისტრს არაფერი ესაქმება. თუ პრემიერმა უნდა განსაზღვროს ტარიფი, ასეთ შემთხვევაში სემეკი რას აკეთებს? ისმის ლეგიტიმური კითხვა: ნოღაიდელი, როცა რუსეთთან მემორანდუმს აწერდა ხელს და ადგენდა ტარიფს, სემეკის ფუნქციები შეითავსა, თუ გარკვეული პერიოდი – საჭირო დროს, საჭირო მომენტში – სემეკის თავმჯდომარეც იყო?

ნოღაიდელის მოღვაწეობა და „ ხელის ფათური“ ენერგეტიკაში იწყება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში „დამენია, ვარშალომიძე, ქავთარაძე, ნოღაიდელი“ მოღვაწეობით!

ეს ის კომპანიაა, რომელიც იყო სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის“ (გსკ) მმართველი კომპანია „პი-ეი კონსალტინგი“-ს კონტრაქტორი, სადაც ზურაბ ნოღაიდელი ფინანსურ საკითხებში მთავარი კონსულტანტი გახლდათ ფინანსთა მინისტრად დანიშვნამდე. ვიდრე გამოძიება არ დაადგენს ნოღაიდელის და სხვათა ქმედებში დანაშაულის ნიშნების არსებობას, ჩვენ ყოველთვის გვექნება ეჭვისა თუ ვარაუდის საფუძველი, ფაქტების შეჯამება კი საფუძვლიან ეჭვს იწვევს.

– მემორანდუმში მითითებულია, რომ თუ 2007 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით ხელმოწერის შემდეგომ ელექტროენერგიის შესყიდვის ტარიფი გაიზრდება 10%-ზე მეტით, შესაბამისად გაიზრდება მომხმარებელთა ტარიფიც ისე, რომ სს „თელასის“ მარჯა დარჩეს უცვლელი და პირიქით, 10%-იანი შემცირებისას შემცირდაბა ტარიფი. არის ჩანაწერი ინფლაციის შესახებაც: „2007 წლის 1.09-დან 2010 წლის 1.09-მდე და 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე“. მემორანდუმში მითითებულია, რომ „საქართველოს მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყოველმხრივ დახმარებას გაუწევს“ კომპანიას და 2007 წლის 1 სექტემბრისთვის დაამტკიცებს გრძელვადიან სატარიფო სქემას. მოკლედ, ჩანაწერი არსებობს, ინფლაცია რომ იყო და არის – ფაქტია. ასეთ ვითარებაში გამოდის, რომ სახელმწიფომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო როცა 200 მილიონის გადახდაზე უარი თქვა? ასევე ამ მემორანდუმში საუბარია ვალდებულებებზე. 2007-2015 წლებში უნდა გახორციელებულიყო 56.3 მლნ. დოლარის ინვესტიცია, მითითებულია ვადა – 6 თვე. ასევე, ახალი ჰესის მშენებლობა 2008 წლის 1 მარტამდე უნდა დასრულებულიყო.

– როგორც ეს მემორანდუმი და სხვადასხვა დროს გაფორმებული ხელშეკრულებები იყო და არის საზოგადოებისთვის უცნობი, ასევე არ ვიცოდით სასამართლო დავის შესახებ. ფაქტიურად, ამ დავასაც გრიფი საიდუმლო დაადეს და ისიც კი არ ვიცით, რაზე მიდის დავა. ყოველთვის ვამბობდი, აუცილებელი იყო „თელასისთვის“ მოეთხოვათ ვალდებულებების შესრულება, რაც მას კანონისა და სახელმწიფოს წინაშე გააჩნდა. ამის შესახებ სამთავრობო დონეზე ვსაუბრობდი, წიგნი გამოვეცი, სადაც გარკვევით წერია, რომ ეს ხელშეკრულებები და მემორანდუმები კაბალურია, რომ ამ ყველაფრის სათავე ნოღაიდელი, ხეთაგური და სხვები არიან – გვარებსაც ვასახელებდი.

2007 წლისთვის, ინვესტიცია ამოღებული ჰქონდა „თელასს“ და ტარიფი კლებისკენ უნდა წასულიყო. ამ დროს ნოღაიდელი არსებული ტარიფების შენარჩუნებაზე და გრძელვადიან პერსპექტივაზე შედგენილ მემორანდუმს აწერს რაპაპორტთან ხელს, რატომ? კარგით, მოაწერა ხელი, ინვესტიცია, რომელიც „თელასს“ უნდა განეხორციელებინა, ასევე ჰესი უნდა აეშენებია, არავინ მოითხოვა. არ შესრულდა!

ყველა ბერკეტი ჰქონდა სახელმწიფოს „რაოს“ წინააღმდეგ გამოეყენებია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ბურუსით მოცულ საკითხს. ამ დროს 2014 წელს „თელასმა“ პირველად მოახდინა მოგების, 8 მილიონის განაწილება. 2014 წელს! როდესაც ამბობდნენ რომ გაკოტრების პირას იყვნენ, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს მემორანდუმი თავიდანვე გამიზნული იყო იმისთვის, რომ რაღაც კომბინაცია მომხდარიყო სამომავლოდ. დღეს, მრავალი წლის შემდეგ ვიმკით „მოსავალს“. თურნავა კი ამბობს, რომ გადასახდელი 80 მილიონი დოლარი, ტარიფზე არ აისახება. საიდან დაადგინა ეს მინისტრმა? ყველა მიიღებს თავისას და ეს 80 მილიონი წავა ჩვენი, მოსახლეობის ჯიბიდან. ისე აღსანიშნავია , რომ 25%(რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სახ. წილი იყო) და 20 მილიონი დოლარია, მიიღებს ვინმე მაქაცარია! ჩვენი ქვეყნისთვის ეს ცოტა თანხაა, თუ მაინცა და მაინც ტარიფი თუ არ გაიზრდება ვერ ვიგრძნობთ?

როგორც ვხედავთ, რეალურად ეს არის აპრობირებული მეთოდი – იწყება დავა სასამართლოში, მოსახლეობა დეტალებში არ შედის, მსჯელობს მხოლოდ იმით რაც ზედაპირზე დევს და სახელმწიფო ვალდებულებების წინაშე დგება, რაც პირდაპირ კავშირშია ბიუჯეტთან, მოსახლეობასთან.

ბევრჯერ საჯაროდ მივმართე მთავრობას საჯარო გამხდარიყო ხელშეკრულებები და მემორანდუმები. პასუხად მივიღე – ეს არის საიდუმლო და ვერ გავასაჯაროვებთ. რატომ? კარგი, მე ნუ მაჩვენებენ ამ დოკუმენტებს, სახელმწიფოს ხომ აქვს ვალდებულება და საშუალება რომ გადახედოს და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება! რატომ არ აკეთებს? ამ ვითარებაში ხომ მაქვს უფლება ვიფიქრო, რომ ვიღაცას და რაღაცას ხელს აფარებს?

– თქვენ ეს მემორანდუმი როგორ მოიპოვეთ?

– ჩვეულებრივად, არ არის ეს გასაიდუმლოებული, თუმცა დღეს ამ დოკუმენტის მოპოვება ძნელია. გასაიდუმლოებას მემორანდუმის არც ერთი პუნქტი არ ითვალისწინებს! უბრალოდ ხდება ჩვენი შეცდომაში შეყვანა! დაბოლება! რომ არ გამოიტანონ სააშკარაოზე, ხელი დააფარონ და ა შ. ჩალაგაშვილი კი ამბობს საიდუმლოაო! აბა მე საიდან მაქვს, არ მომიპარავს, დედანია!

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ საკითხის შესახებ მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებთან არ მისაუბრია, პროკურატურას მივმართე, თუმცა… ყველა სასათბურე პირობას უქმნიდენ „თელასს“, მემორანდუმიც მეტყველებს ამაზე.

ხეთაგურმა თავის მინისტრობის პერიოდში „ხრამი-1“, „ხრამი-2“ რომ გადასცა რუსულ კომპანიას მესამედ ფასში(!), ეს საკითხიც გასარკვევია. ამ ჰესების გადაცემის წინ ტარიფი 1.7 თეთრი იყო, 9-მდე გაზარდეს და ისე მოხდა გადაცემა, მიყიდვას ვერ დავარქმევ, ისეთი დაბალი ფასი დაადეს. საბჭოთა პერიოდში აშენებულ ჰესებზე, სადაც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს ინვესტორს, ტარიფს რომ ზრდი (ჯერ უმზადებს) და მერე მესამედ ფასში მიჰყიდი, ნორმალურია?

ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა „ენერგო- პროს“ შემოსვლა საქართველოში, როცა სახელმწიფომ ჰესები ჯერ გაარემონტა, რომელიც მილაირდამდე დაჯდა, შემდეგ ტარიფი გაზარდა და ამის შემდეგ კაპიკებში გაასხვისა, ისევ ნოღაიდელის დიდი ძალისხმევით და მონდომებით! რითაც დიდათ აზარალა ქვეყნის ბიუჯეტი!

ცოტა ხნის წინ, ჩალაგაშვილმა განაცხადა მიკვირს „ენერგო-პროს“ რატომ არ აქვს პრეტენზიაო. დააცადონ, ექნება! თუ ჩვენ ვალდებულებების შესრულება არ მოვითხოვეთ! ასე ძალიან გაუჭირდება სახელმწიფოს. სად წავა და ვის ჯიბეში დაილექება ეს 80 მილიონი დოლარი, იცის ვინმემ? როდესაც ენერგეტიკის სამინისტროს 200 მილიონი მოსთხოვეს, კარგია, რომ არ გადაიხადა, მაგრამ რატომ არ გაჟღერდა ეს ინფორმაცია? რატომ არ დაიწყო მოქმედება სახელმწიფომ? ხომ შეეძლოთ ვალდებულებების შესრულება მოეთხოვათ და დავაც არ წარმოიქმნებოდა, მერწმუნეთ. რატომ არ იცავს ჩვენს უფლებებს სახელმწიფო? გახმაურდა საკითხი და ნაცვლად იმისა გაასაჯაროვონ დოკუმენტაცია, უფრო ჩაკეტეს! „ნაცების“ გაფუჭებული „ქოცებმა“ გადმოიბარეს და გაყვნენ დინებას. 80 მილიონი დოლარი, რომლის გადახდა სასამართლომ საქართველოს დააკისრა ნოღაიდელის და ხეთაგურის სინდისზეა…

ჩვენ ვცდილობთ ძირითადი აქცენტები გავაკეთოთ, რადგან ეს საკითხები ამოუწურავია. ფაქტიურად, ერთ სტატიაში ვერ მოთავსდება ყველაფერი.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
შემდეგი სტატიაიუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით „ინტეგრაციისა და ჩართულობის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა