კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 21 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება.

ამჯერად, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გლდანის რაიონში მცხოვრებ კიდევ 21 ოჯახს გადასცა.

„გლდანის რაიონში 21 ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადავეცით. ეს არის პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მოსახლეობას 2017 წელს დავპირდით და დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. ჯერ კიდევ რჩებიან ადამიანები, რომელთაც ანალოგიური პრობლემები აწუხებთ. მათ თავიანთი რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ და დაეხმარებიან საჭირო დოკუმენტების შეგროვებაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქონება, რასაც ამ ადამიანებს გადავცემთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართებია და თანხობრივად რომ გადავიყვანოთ, 2 000-ზე მეტი ოჯახისთვის 300 მილიონზე მეტი ქონებაა გადაცემული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანში მცხოვრებ ოჯახებს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები დედაქალაქის მერთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, ირაკლი თავართქილაძემ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ლევან ნაროუშვილმა გადასცეს.

წინა სტატიაში„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით, თბილისში, ქუთაისში, ზესტაფონსა და თერჯოლაში ხუთი პირი დააკავეს [ვიდეო]
შემდეგი სტატია80 მილიონი დოლარი, რომლის გადახდა სასამართლომ საქართველოს დააკისრა ნოღაიდელის და ხეთაგურის სინდისზეა – თემურ ჭიჭინაძე