79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია

79 ქართველი მოსწავლე, რომელიც ამერიკაში იმყოფებოდა, უკვე საქართველოშია. მათი დაბრუნება შესაძლებელი გახდა საქართველოსა და აშშ – ის მთავრობათა თანამშრომლობის შედეგად. მოსწავლეების ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაყვანა ამერიკულმა მხარემ, ხოლო დოჰადან სპეცრეისით თბილისამდე, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო. ქართველ მოსწავლეებთან ერთად თბილისში ჩამოვიდა 35 მოსწავლე სომხეთიდან, რომელიც ქართველ თანატოლებთან ერთად ამერიკაში იმყოფებოდა.

მოსწავლეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სავალდებულო თერმოსკრინინგი და შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ავტობუსებით, ჭადრაკული განლაგებით, განთავსდნენ თბილისსა და კახეთში არსებულ ორ საკარანტინო ზონაში, სადაც ისინი 14 დღეს დაჰყოფენ და შემდეგ დაუბრუნდებიან ოჯახებს. კარანტინის დროს, მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით და ექიმის 24-საათიანი მეთვალყურეობით, ხოლო უშუალოდ საკარანტინო ზონებს პოლიციის თანამშრომლები დაიცავენ.

რაც შეეხება მოსწავლეებს სომხეთიდან, ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სომხეთში გაემგზავრნენ.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, 86 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ახალი, დამატებითი რეისები ევროპისა და აზიის სხვა ქალაქებიდან, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში კერძო კომპანიების მიერ შეკერილი 10 ცალი პირბადე 120 ევრო ღირს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს ეწვივნენ