თინათინ ბოკუჩავა: ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტული უწყებებიდან

,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებას მოუწოდებს, საზოგადოებას ანგარიში ჩააბაროს, თუ რა ნაბიჯები გადადგა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთზე დაკისრებული ფინანსური კომპენსაციის ვალდებულების აღსრულებისთვის. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, დღეს გაიმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა, სადაც განიხილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული ვალდებულებების აღსრულების საკითხი, რომელიც ასეულობით ქართველის ფინანსურ კომპენსაციას ითვალისწინებს.

,,ჩვენ ვითხოვთ განმარტებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკურ, დიპლომატიურ ზომებს იყენებენ ჩვენი მთავრობა და კერძოდ, საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები იმისთვის, რომ ევროპის საბჭომ მიიღოს მკაცრი ზომები და ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების კომპენსაცია უზრუნველყოს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი 2007 წელს შეიტანა კომპენსაციის მოთხოვნით 2006 წელს ათასობით ეთნიკური ქართველის დეპორტაციის საპასუხოდ და ეს არის პირველი სახელმწიფოთაშორისი სარჩელი, რომელიც საქართველომ მოიგო ამ სასამართლოში.

ბოკუჩავას განცხადებით, მაშინ როდესაც სარჩელის წარმოება დიდწილად დასრულებული იყო საქართველოში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ივანიშვილის მთავრობის მთავარი დავალება ამ მიმართულებით იყო სასამართლოს მიერ რუსეთისთვის დაკისრებული კომპენსაციის უზრუნველყოფა, თუმცა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია, რა ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით ამ ხელისუფლებამ, დადგა თუ არა მაგალითად, ეს საკითხი ჟენევის ფორმატის დღის წესრიგში და რა შედეგით.

,,ვშიშობ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, რომლის ფლირტი პუტინის რეჟიმთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ უკვე არაერთხელ გახდა ცნობილი, ამ საკითხსაც, რომელიც ეხება ჩვენი ასეულობით მოქალაქის ფინანსურ ანაზღაურებას, უგულებელყოფს და არ გადადგამს აქტიურ ნაბიჯებს შესაბამისი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ამ ეჭვების გასაქარწყლებლად, ვითხოვთ კონკრეტულ პასუხებს, კონკრეტული უწყებებიდან”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას მოითხოვს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: გვახსოვდეს, რომ მხოლოდ ბედნიერი ქალის გვერდით გრძნობს მამაკაცი თავს სრულყოფილად