კუჭავა – არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე, როგორც ვატყობ, დარღვევისთვის ჯარიმის გადახდაც მომიწევს

შევეცადე, პირველი მივსულიყავი საარჩევნო უბანზე, დილით, 08:00 საათზე. ნამდვილად არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე. დარღვევა იყო ეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ მივიდა ხმის მისაცემად „ქართული ოცნების“ სიმბოლოიანი პირბადით.

კახა კუჭავა ამბობს, რომ ამ დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება იქნება და შესაძლოა, ჯარიმის გადახდაც მოუწიოს.

„ეს ფაქტი არის. ვიცი, რომ შესაბამისი რეაგირებაც იქნება და როგორც ვატყობ, ჯარიმის გადახდაც მომიწევს. 100 მეტრის რადიუსში რაც არის კანონით დადგენილი, ჩვენი მხრიდან რაიმე დარღვევა არ მომხდარა. ნებისმიერი პარტიის მხრიდან მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს.

წინა სტატიაშიგიორგი ნონიაშვილი: ჩუღურეთის 24-ე უბანზე უპრენცენდენტო დარღვევების ფაქტები დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკურმა საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 15:00 სთ-ის მდგომარეობით ინფორმაცია მიაწოდა.