ანა ბუჩუკურმა საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 15:00 სთ-ის მდგომარეობით ინფორმაცია მიაწოდა.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 15:00 სთ-ის მდგომარეობით ინფორმაცია მიაწოდა.

“პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ ამ თვითმმართველობის არჩევნებზე ფიქსირდება უჩვეულოდ მაღალი აქტივობა და თითქმის უტოლდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების აქტივობას, რაც პირდაპირი ნიშანია იმის, რომ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ცვლილებები არის გარდაუვალი!
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – მოდით არჩევნებზე.
წარსულისთვის უარის თქმა არჩევნებზე მისვლით შეგვიძლია ყველას ერთად, უნდა გავაკეთოთ არჩევანი მომავლის სასარგებლოდ!
ჩვენ თქვენს ხმებს აუცილებლად დავიცავთ!

ახლა კი, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, 15:00 სთ-ის მდგომარეობით:

15 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 130-მდე საჩივარი.

უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები. კერძოდ:

• თბილისში, N32 უბანზე, „ქართული ოცნების“ უბნის უფროსი ხათუნა ჯანგიძე სოციალურად დაუცველ პირთან არკვევდა, „ჩაერიცხა თუ არა მას დაპირებული 50 ლარი.“ არსებული ინფორმაციით, თავად აღნიშნული პირი, ეთნიკურ უმცირესობებს სოციალური დახმარების განაცხადის ქართულ ენაზე შევსებაში ეხმარება და სანაცვლოდ მათ არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას სთხოვს.

• კახეთში, ახალსოფელის მე-10 უბანზე “ქართული ოცნების” წარმომადგენელი არიგებდა თანხას, რისი ვიდეო მტკიცებულებაც არსებობს.

• ასევე ვიდეო მტკიცებულება არსებობს აბაშაში N2 უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე. დაფიქსირებულია იმ ავტომობილის ნომერიც, საიდანაც ხორციელდებოდა მოსყიდვის ფაქტი.

• აუდიო-ვიდეო მტკიცებულებით დაფიქსირებულია ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, 35-ე უბანზე განხორციელებული ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, რომ სოფელ ეწერში თამაზ კვანტიძე გადასცემს ფულს ამომრჩეველს. ამასთანავე, ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ერთ-ერთი ამომრჩეველი პირდაპირ ადასტურებს მოსყიდვის, ფულის გადაცემის და აღების ფაქტებს.

• ჩხოროწყუს რაიონში, ახუთის N4 საარჩევნო უბანში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – პაატა ქაჯაიამ თანხა გადასცა მოქალაქეს (სავარაუდოდ ოცნების მხარდამჭერი და შტაბის წევრი), რაც ასახულია ვიდეოზე.

ასევე სისტემურ ხასიათს ატარებს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები.

• მცხეთაში 27-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა რწმუნებულის და მისი მოადგილის მიერ საარჩევნო პროცედურების უხეში დარღვევის ფაქტები. კერძოდ, ნიჩბისის რწმუნებული დავით ხიზანიშვილი და მისი მოადგილი ლალი გუბათაშვილი ეწევიან აგიტაციას საარჩევნო უბანზე. აღნიშნულზე ჩვენ გვაქვს შესაბამისი ფოტო-მტკიცებულება, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ მიყავს რწმუნებულს ამომრჩეველი უბანზე. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული აგიტაციის წესების დარღვევას.

• ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში, 27-ე ოლქის მე-13 უბანზე ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში შეყვა კომისიის წევრი/რეგისტრატორი მახრამ მახრამოვი. აღნიშნული ფაქტით დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლის დარღვევას.

• ზემოაღნიშნულის გარდა, გვაქვს ინფორმაცია, რომ უბნებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიეცათ ახალი დავალება, რომ საარჩევნო ბიულეტენები არ დაამოწმონ ბეჭდით იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი ეპარებათ, რომ ამომრჩეველი ქართული ოცნების მომხრეა. ასეთ შემთხვევაში, დაუმოწმებელი ბიულეტენი ბათილდება. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, ყურადღება მიაქციონ, რომ მათი საარჩევნო ბიულეტენები იყოს ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული.

• ახალციხეში N37 ოლქის 19-ე უბანზე საარჩევნო უბანზე ადგილი აქვს ფარულობის დარღვევის ფაქტს, რაც დაფიქსირებულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერზე.

• ასევე, მთელ რიგ საარჩევნო უბნებში, ფარული კენჭისყრის კაბინის თავზე დამონტაჟებულია კამერები, საიდანაც შესაძლებელია ხმის მიცემის პროცედურის დაფიქსირება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ ეს კამერები გამორთულია. თუმცა, აღნიშნული ცალსახად ფასდება, როგორც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის და ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტი.

• ასევე, საარჩევნო უბნებზე, რეგისტრატორების მიერ მასობრივად და სისტემურად, ხაზს ვუსვამ მასობრივად და სისტემურად ხდება ამომრჩევლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი პირადი ნომერი), ტელეფონის საშუალებით დისტანციურად გადაცემის ფაქტები. პირბადის ქვეშ დამალული ყურსასმენების მიკროფონებით, რეგისტრატორები უბანში შესული ყველა პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას, სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს გადასცემენ.

კიდევ ერთხელ – ცვლილებები გარდაუვალია, მოდით არჩევნებზე!”-განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

banner
წინა სტატიაშიკუჭავა – არ მივაქციე ყურადღება, რომელი პირბადე გავიკეთე, როგორც ვატყობ, დარღვევისთვის ჯარიმის გადახდაც მომიწევს
შემდეგი სტატიაცესკოს ნაწილობრივ შედგენილ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს