,,32-ე სკოლის შემთხვევით შიდა აუდიტის დეპარტამენტი უკვე დაინტერესდა”

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლას ვაუჩერით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსებით. შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია სკოლებში ფულის შეგროვება. უწყება ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში მშობლებისთვის ჟალუზების შესაძენად თანხის შეგროვების დავალებას გამოეხაურა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ამ შემთხვევით შესაბამისი სამსახური დაინტერესდება.

„სახელმწიფო უზრუნველყოფს სკოლას ვაუჩერით და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დაფინანსებით. შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია სკოლებში ფულის შეგროვება. აქედან გამომდინარე, მშობლებისგან ფულის აგროვების ნებისმიერი მცდელობით შიდა აუდიტის დეპარტამენტი დაინტერესდება და მოკვლევის შედეგად შესაბამისი რეაგირება ექნება“, – განაცხადეს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში.

სანზონაში, ღრმაღელის მეტროსთან მდებარე ახალგარემონტებულ 32-ე საჯარო სკოლაში ჟალუზების შეძენა მშობლებს დაევალათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ჟალუზების შესაძენად თანხის აგროვების საკითხზე ყველა კლასში მშობელთა კრება ჩატარდა.

„ჩატარდა მშობელთა კრება და გვითხრეს, რომ ჟალუზების ფული უნდა ავაგროვოთ. ზოგს 12-12 ლარი დააბარეს, ზოგიერთ კლასში კი თანხა 8 ან 10 ლარს შეადგენს. სკოლა გაარემონტეს და ჟალუზების შესაძენი თანხა როგორ ვერ იშოვეს? სკოლაში 15 სექტემბერს განათლების მინისტრიც იმყოფებოდა და ახლად გარემონტებული სკოლა დაათვალიერა“, – განაცხადა მშობელმა.

როგორც მან აღნიშნა, მშობელთა კრება „მხოლოდ ამ საკითხს მიეძღვნა“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ბრძანების ასლის გაცემაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი – უმრავლესობისა და პრეზიდენტის ცალკე შეხვედრაში პრობლემას ვერ ვხედავ