“28 ნოემბერს არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი იმართება საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე” – ნონა წოწორია

28 ნოემბერს არა არჩევნები, არამედ რეფერენდუმი იმართება საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე – ნათქვამია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორიას მიმართვაში, რომელსაც ის “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს:

“ეს ის დროა, როცა სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას.

28 ნოემბერს არა აჩევნები, არამედ რეფერენდუმი იმართება საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ეჭვს აღარ ტოვებს რუსეთის ღია და პირდაპირ ჩართულობაზე არჩევნებში.

კითხვა ასე დგას: ვიკმაროთ თუ არა ზიანი, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიაყენა ქვეყანას, თუ მივცეთ მას უფლებამოსილება ეს ზიანი შეუქცევადი გახადოს. ან მონაწილეობას მივიღებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის დაკანონებასა და შესაბამისად, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არსებობისთვის საფრთხის შექმნაში, ან არა. წარმოუდგენელია, რომ ამ მასშტაბის საშიშროების საპირწონედ ვინმე წარსულის შეცდომებს ან რევანშის შიშს იყენებდეს. მოკლედ, ან ხართ პატრიოტთა ალიანსის გვერდით, ან არა. აქ მესამე გზა უბრალოდ არ არსებობს.

პირადად მე არასდროს დავუჭერ მხარს არც ერთ თანამდებობაზე და მით უმეტეს ქვეყნის მთავარსარდლად ადამიანს, რომელიც 2008 წლის ომზე სიტყვა-სიტყვით იმეორებს რუსეთის რიტორიკას და რომელიც თავისი საქმიანობით ძირს უთხრის ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავალს. შესაძლოა, სულაც არ არის ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთან ურთიერთობის წითელი ხაზიც უკლებლივ ყველასთან, საკუთარი ოჯახის წევრებიდან დაწყებული, აქ გადის.

იმედი მაქვს, რომ საქართველოს საზოგადოება, უკიდურესი სიდუხჭირის და ზეწოლის მიუხედავად, გამოიჩენს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და სათანადო პასუხს გასცემს ყველას, ვინც მის თავისუფლებას ემუქრება.” ნათქვამია წოწორიას განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდაურ კოვე ირმა ინაშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიავაჟა-ფშაველას გამზირზე ქალი მოკლეს