თეა წულუკიანი – პრეზიდენტის მიერ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაერო-ში საუბარი ნაადრევი იყო

ვფიქრობ, პრეზიდენტის მიერ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გაერო-ში საუბარი ცოტა ნაადრევი იყო, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„თუმცა, როგორც ჩანს, მას სჯეროდა, რომ რაკი ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ამ პროექტს ყველა მისცემდა ხმას. ამის მეც მჯეროდა, მაგრამ წინააღმდეგი ვიყავი. უბრალოდ, საჯაროდ არ გამიკრიტიკებია ერთი მიზეზის გამო – ხელმძღვანელმა, რომელსაც პოლიტიკური პროცესი მიჰყავს, თქვა, რომ ვფიქრობ, ეს მისაღები მოდელია ჩვენთვისაც, მათთვისაც, ყველასთვის და ამ გზით ვიაროთო. კი ბატონო, ვიაროთ ამ გზით, მაგრამ მიუხედავად იმისა, კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მქონდა, ვთვლიდი, რომ ეს არ იყო მოდელი, რომელიც ქვეყანას უხდება და აწყობს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სცადა თუ არა მან ბიძინა ივანიშვილის გადარწმუნება, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ეს არ უცდია, რადგან ამის დრო უბრალოდ არ იყო.

„თუ თქვენ კულუარები გაინტერესებთ, ეს შემდეგნაირად მოხდა – პარტიისა და უმრავლესობის შიგნით იყო ძალიან ფართო, შიდა კონსულტაციები და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ყოველ შემთხვევაში მე და ალბათ ჩემნაირმა კოლეგებმა, როდესაც ბრიფინგი უნდა ჩატარებულიყო, წუთების წინ გავიგეთ, რომ ეს არის გადაწყვეტილება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, უმრავლესობის გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგობის მიუხედავად, მყიფე კონსენსუსი შედგა, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა და მოდელი საჯაროდ არავინ გააკრიტიკა.

„იმ შეხვედრაზე მე თვითონ ვიყავი მოწმე და დავინახე, რომ უმრავლესობის გარკვეული ჯგუფი წინააღმდეგია. მათ შორის, ისინი, ვინც შემდეგ ხმა არ მისცა. ეს წინააღმდეგობა მაშინაც იყო, მაგრამ მყიფე კონსენსუსი შიგნითვე დასრულდა და საჯაროდ ეს მოდელი არავინ გააკრიტიკა. შიგნით მუდმივად იყო აზრთა სხვადასხვაობა და ჭიდილი. მე ამას დავახასიათებდი, როგორც შიდა დუღილის პროცესს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეს პროცესი ცუდი არ არის.

„ვფიქრობ, ეს არ არის ცუდი. ჩვენ აბსურდების მდგომარეობაში ვცხოვრობთ. მაგალითად, გარკვეულ საკითხებზე მთელი ეს წლებია, გვესმის, დღესაც და ალბათ ხვალაც მოისმენთ, რომ ერთი კაცის მმართველობაა, ერთი კაცი თითს დაატკაცუნებს და ყველა უკან მიჰყვება. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე, ასე არ ყოფილა და ესეც არ მოგწონთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, რამდენად დამაჯერებელია ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძე და დაჩი ბერაია ვერ დაარწმუნა მაშინ, როცა დაჩი ბერაიას პირადი კარიერა ბიძინა ივანიშვილის ბანკს უკავშირდება, წულუკიანმა განაცხადა, რომ მას შეუძლია, არ დაიჯეროს, მაგრამ ეს რეალობაა.

„თქვენ შეგიძლიათ, არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს არის რეალობა. გეუბნებით იმას, რაც მინახავს და ვიცი. კი არ მომისმენია?! ეს აზრთა სხვადასხვაობა იყო. ჩემი პოლიტიკური კარიერაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ რა?! თქვენ ხომ ვიღაც ჟურნალისტი არ ხართ?! თქვენ ხართ ძალიან სერიოზული ადამიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე აქ არ მოვიდოდი და თქვენც კი ხართ დაკავებული იმ დეპუტატების დამცირებით, რომლებიც სიით არჩეულნი კი არა, ხალხის მიერ პირდაპირ არჩეულნი არიან. იგივე ბერაია არის პირდაპირ ხალხის მიერ ხმამიცემული კანდიდატი და თქვენ ამ წუთში მისი დამცირებით ხართ დაკავებული. ეს თქვენ არ შეგეფერებათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

პირველი არხი

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძე: აღარაფერი წმინდა აღარ დარჩა, დროა “კბილი კბილის წილ”
შემდეგი სტატიამარგველაშვილმა სალობიეში ყოფნის ფაქტი შეაფასა