26 მაისს სამხედრო აღლუმი არ გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ისევე, როგორც ბოლო 2 წელია, თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალი ჩატარდება.

დამოუკიდებლობის აღნიშვნის სამოქმედო გეგმა მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.

ცქიტიშვილი განმარტავს, რომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.

„აღლუმი არ იქნება. ჩვენ ბოლო 2 წლის განმავლობაში დავამკვიდრეთ ტრადიცია, რომ გვაქვს ფიცის დადების ცერემონია. ეს წელსაც იქნება თავისუფლების მოედანზე. შემდეგ გვექნება სახალხო სეირნობა. ისეთი სახალხო ზეიმი, როგორიც ჩვენ შარშან და შარშანწინ გვქონდა. რუსთაველის გამზირზე განლაგებული იქნებიან სამინისტროები, თავისი პროექტებით, გასართობი ღონისძიებებით, კონცერტებით. ასევე, საღამოს, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილია დიდი კონცერტი. ასეთი საზეიმო ღონისძიებები არა მხოლოდ თბილისში, არამედ ყველა თვითმმართველ ერთეულში იქნება“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ისევე, როგორც ბოლო 2 წელია, რუსთაველის გამზირზე გამოყვანილი იქნება სამხედრო ტექნიკა. ასევე მოეწყობა გამოფენები.

„ვფიქრობთ, კაფეებიც და კვების ობიექტებიც შემოგვიერთდებიან და ეს ღონისძიებები ერთ სივრცეში ინტეგრირებული იქნება. ვფიქრობთ, ძალიან კარგი ზეიმი გამოვა. რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ ღონისძიებისთვის თანხები ჯერჯერობით განსაზღვრული არაა, თუმცა ბუნებრივია, ყველა სამინისტროს, როგორც ჩვეულებრივ, ასეთი ღონისძიებების კონტექსტში, რაღაც ნაწილობრივი დაფინანსება გათვალისწინებული ექნება. თუ რაიმე დამატებითი დაფინანსების საჭიროება სამინისტროებს ექნებათ, ისინი დადგენილი პროცედურებით, ფინანსთა სამინისტროს მიმართავენ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისკანდალი აშშ-ში… კლინტონების კავშირი რუსულ ფულთან
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაურის ინფორმაციით, გურჯაანში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაწყებულია