24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღეს ზეიმობს

24 და 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის დღეს ზეიმობს.

„გვიახლოვდება ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნისათვის გამორჩეული მნიშვნელობის თარიღები, – ავტოკეფალიის აღდგენისა და მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის აღიარების დღე.

1917 წლის 25 მარტს, ღვთის შეწევნითა და გამორჩეულ სასულიერო და საერო პირთა ღვაწლით, ას წელზე მეტი ხნის წინ დაკარგული საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღდგა. ეს იყო და არის უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მონაპოვარი ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის, მაგრამ ავტოკეფალიააღდგენილი ეკლესიისთვის აუცილებელი იყო ადგილობრივ ეკლესიათა მხრიდანაც აღიარების მოპოვება. და აი, 1990 წელს, დიდმარხვის პირველ კვირა დღეს, მართლმადიდებლობის ზეიმზე (მაშინ ეს დღესასწაული 4 მარტს მოუწია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დიდი ძალისხმევით, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოს I-მა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოსცა ჩვენი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი, – ტომოსი.

ამავე დღეს (1990 წლის 4 მარტს) მსოფლიო პატრიარქმა საქართველოს ეკლესიას უბოძა საპატრიარქო ღირსების დამადასტურებელი მეორე სიგელიც.

ასე რომ, მართლმადიდებლობის ზეიმზე დაგვირგვინდა სასიქადულო პატრიარქთა, – კირიონის, ლეონიდეს, ამბროსისა და მათ თანამებრძოლ მამულიშვილთა მიერ დაწყებული განსაკუთრებული მნიშვნელობის საეკლესიო საქმე და მოციქულთა მიერ დაარსებულმა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი ავტოკეფალიის დამსახურებული საერთაშორისო აღიარება ჰპოვა”, – ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინი – ჩვენი ხალხი საკუთარ ტკივილად მიიჩნევს მეგობარი რუსი ხალხის უბედურებასა და მწუხარებას
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 43 რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს