21 მაისს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი იაპონელ კოლეგა ტოშიმიცუ მოტეგისთან

საუბარი იაპონური მხარის ინიციატივით შედგა. მხარეებმა ერთმანეთს კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავების პროცესში მიღებული ზომები და არსებული ვითარება გაუზიარეს. იაპონურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ ვირუსის წინააღმდეგ გატარებულ ღონისძიებებს.

ქართულმა მხარემ, კიდევ ერთხელ, გამოხატა მადლიერება იაპონიის მიერ პანდემიასთან გამკლავების მიზნით, საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის, პანდემიასთან საბრძოლველად ანტივირუსული პრეპარატი „ავიგანის“ და სხვა სამედიცინო აღჭურვილობის მოწოდების შესახებ.

სატელეფონო საუბრისას, მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორის მხარდაჭერაზე. მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ხედვა ტურიზმის სექტროის სწრაფი რეაბილიტაციის მიმართულებით, ქართული მხარე მიესალმა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ COVID-19-თან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების შედეგად, დაბალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში შეყვანის ფაქტს და გამოთქვა მზადყოფნა საქართველოში უმასპინძლოს იაპონელ ტურისტებს.

მხარეები მიესალმნენ 2019 წელს, ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ოფიციალური მოლაპარაკებების დასრულებას, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ უმსხვილესმა იაპონურმა „ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ“ (TEPCO) საქართვლოში ინვესტიციის განხორციელება გადაწყვიტა და შპს “დარიალი ენერჯის” აქციათა 31.4% შეიძინა, რითაც ოფიციალურად ჩაერთო დარიალის ჰიდროენერგეტიკული პროექტიის განხორციელებაში.

ხაზი გაესვა ეკონომიკურ სფეროში პარტნიორობის გაღრმავების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა მომავალი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის საქმიანობა და ამ კონტექსტში გასულ წელს, ქვეყნებს შორის გაფორმებული მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც იაპონელი მოხალისეების საქართველოში მოვლინებას გულისხმობს.

საუბარი ასევე წარიმართა მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე და გამოითქვა კმაყოფილება ამ მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკაზე.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალ მჭიდრო თანამშრომლობაზე.

banner
წინა სტატიაში3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა
შემდეგი სტატიახვალიდან ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება