3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის რაც საბანკო სექტორმა, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად გააკეთეს, არის უპრეცედენტო შეთავაზება და ძალიან მნიშვნელოვანი შემსუბუქება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს იყო, რა თქმა უნდა, განპირობებული Covid-19-ის შედეგებით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, შემდგომი 3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა.

„თქვენ იცით, რომ 3 თვის განმავლობაში ყველას შეეძლო, ესარგებლა სესხის გადავადებით და ამით ისარგებლა 600 000-ზე ცოტა მეტმა ადამიანმა, ხოლო შემდგომი 3 თვის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას, თავისუფლად ექნებათ საშუალება ასევე გამოიყენონ სესხის გადავადების პროგრამა. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს მოხდება კაპიტალიზაციის გარეშე და შესაბამისად, ეს პროცენტი არ გახდება მათთვის ახალი ვალი, რა პროცენტსაც ისინი არ გადაიხდიან ამ პერიოდში. ასევე ამ შეთავაზების გამოყენება შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს და ფიზიკურ პირს რომელსაც შეუმცირდა შემოსავლები Covid-19-ის პანდემიის პირობებში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ფიზიკურ პირებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სურვილის შემთხვევაში საბანკო სესხების დაფარვის ვადა კიდევ გადაეწევათ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მთავრობამ საბანკო სექტორთან შეხვედრაზე მიიღო.

პირველად სესხების საპროცენტო განაკვეთის გადასახადი საქართველოში 3 თვით მარტში გადავადდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი – საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს
შემდეგი სტატია21 მაისს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი იაპონელ კოლეგა ტოშიმიცუ მოტეგისთან