2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა- პრემიერი

რუსეთში ბოთლ ღვინოზე ფასი 15-25 %-ით გაიზრდება

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი დაახლოებით 85%-ით გაიზარდა, – დადებით სტატისტიკურ მაჩვენებლებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.
რაოდენობრივად, იანვარ-მარტში საქართველოდან ექსპორტირებულია 14 200 000 ბოთლი ღვინო, რაც თანხობრივად 77%-იან ზრდას შეადგენს.
„ეს, ვფიქრობთ, ძალიან კარგი მაჩვენებელია. განსაკუთრებით გვახარებს ის, რომ ბაზრებზე დივერსიფიკაცია იზრდება და ეს არის არა მხოლოდ საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნები, არამედ ევროკავშირის და ჩინეთის ბაზარი, რომელიც ძალიან მზარდია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის უდიდეს მნიშვნელობაზე საქართველოსთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომლის ჩართულობითაც „ძალიან ბევრი პოზიტიური საქმე კეთდება არა მხოლოდ ღვინის ექსპორტის მიმართულებით“.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ასევე გაგრძელდეს, რადგან სოფლის მეურნეობა არის სწორედ ის მიმართულება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ყოფაზე ყველაზე მეტი სოციალური ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
პრემიერმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის ექსპორტის მეტი კოორდინაციის თხოვნითაც მიმართა, რადგან, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე „ქართველი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან“.

banner
წინა სტატიაშისუს-მა ონის გამგეობის მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, კოლხური ბზის მოჭრისგან თავი შეიკავონ