20 ივნისი ლტოლვილთა, დევნილთა მსოფლიო დღეა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2020 22:51

20 ივნისი ლტოლვილთა, დევნილთა მსოფლიო დღეა

27 წელი გავიდა, გაგრელთათვის – 28, რაც აფხაზეთის მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური სახლ–კარი და ენგურსგამოღმა საქართველოში ეპოვა თავშესაფარი. ბევრმა ქვეყნის საზღვრებიც დატოვა და ლტოლვილის სტატუსით დღემდე უცხოეთში ცხოვრობს. იგივე მდგომარეობაში იმყოფებიან სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული ჩვენი თანამემამულეები.
დევნილებმა დავკარგეთ უძრავ–მოძრავი ქონება, მამა–პაპათა საფლავები; დავკარგეთ ოჯახის წევრები, რომელთა უმეტესობა ომის ბრმა ტყვიამ კი არ იმსხვერპლა, არამედ მომხვდურებმა, მიუხედავად ასაკის, სქესისა და აბსოლუტური უდანაშაულობისა, წამებით გამოასალმეს სიცოცხლეს; სხვები აიძულეს სიცოცხლის გადასარჩენად გაქცეულიყვნენ, დაეტოვებინათ მშობლიური გარემო, ცხოვრებისა და განვითარების ბუნებრივი მდგომარეობა, იძალადეს მათ იდენტობაზე. დევნილები ცარიელი ხელებით, ყოველგვარი სარჩო–საბადებლის, ხშირად პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი სახის საბუთის გარეშე და უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესით, გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო და სოციალურ–ეკონომიკური ვითარების პირისპირ აღმოვჩნდით.
ქვეყნის ხელისუფლება ზრუნავს დევნილთა ფსიქო–სოციალური მდგომარეობის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისთვის. ბოლო დროს არა ერთი პროგრამა და პროექტია ამუშავებული იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმებისათვის, ცხოვრების ფერხულში მათი ჩაბმისათვის, მასპინძელ საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. საქართველოს მთავრობამ მიზნად დაისახა დევნილი ოჯახების თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსებში ნორმალური საცხოვრებელი ბინებით და კომფორტული პირობებით დაკმაყოფილება; ამასთან, პრიორიტეტული გახდა ნიჭიერი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა, ხანდაზმულ დევნილ პენსიონერთა დახმარება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა; ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერისათვის, აფხაზთა და ქართველთა შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობისათვის საქართველოს მთავრობამ აამოქმედა სამშვიდობო პროგრამა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და ა.შ. მაგრამ ცხადია, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
აფხაზეთის კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე, უმთავრესია, დევნილთათვის ნორმალური სოციალურ–ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა, არადა, დევნილთა არა ერთ კოლექტიურ საცხოვრებელში ჯერ კიდევ უმძიმესი გარემოა; შენობები, რომლებშიც განთავსებული არიან აფხაზეთიდან დევნილები, ხშირად არის ამორტიზებული და საცხოვრებლად უვარგისი. ეს შენობები საჭიროებს კაპიტალურ რემონტსა და რეაბილიტაციას. დევნილთა უმეტესობა ჯერ კიდევ კერძო სექტორში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს აწუხებს ისეთი მძიმე დაავადება, რომელთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო ბოლომდე ვერ ფარავს, დევნილი საზოგადოების უმეტესობას აქვს კვალიფიკაცია, მაგრამ არ არის სამუშაო ადგილები, არა აქვთ სტაბილური შემოსავალი, შესაბამისად ვერ ახერხებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას და ა. შ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელიც თავადაც დევნილი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია, დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, მადლიერებით მიმართავს აფხაზეთის მოსახლეობას, თითოეულ დევნილს და ლტოლვილს – გამძლეობისათვის, ეროვნულ–სახელმწიფოებრივი ინტერესების ერთგულებისათვის, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნების მუხტის ბოლომდე შენარჩუნებისთვის.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გამოდევნილი ასეულ ათასობით თანამოქალაქის სახელით, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და მადლობას უხდის ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, დევნილთა უფლებების დაცვაში ხელშეწყობისათვის, საკუთარ საცხოვრებელში მათი დაბრუნების მხარდაჭერისათვის, ოკუპანტი ქვეყნის სისტემატური მხილებისათვის, უამრავი სამართლიანი განცხადებისა და რეზოლუციისათვის.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ჯემალ გამახარია გამოთქვამს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მოსკოვი დაუსჯელად ახდენს საერთაშორისო თანამეგობრობის, საერთაშორისო სამართლის მოთხოვნათა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა სრულ იგნორირებას, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პირდება ჩვენს თანამემამულეებს, რომ საერთაშორისო არენაზე აქტიურად გაგრძელდება პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ. აფხაზეთიდან მის მიერ იარაღის ძალით გამოდევნილი მოსახლეობის დაბრუნების პროცესისათვის ხელშეწყობის ნაცვლად, კრემლის მესვეურები თავხედურად ცდილობენ თავიანთი იმპერიალისტური და შოვინისტური ზრახვების ბოლომდე განხორციელებას. ოკუპანტები საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგი არიან, უფრო მეტიც, აფხაზეთში დარჩენილი დევნილთა ქონების მისაკუთრებასაც ესწრაფვიან და ამ მიზნით დე ფაქტო ხელისუფლებაზე ძლიერ პოლიტიკურ და ფინანსურ ზეწოლასაც ახორციელებენ, რომელიც დღესაც გრძელდება.

„მიუხედავად კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული დროებითი სიძნელეებისა, საქართველო ვითარდება და კვლავაც აგრძელებს წინსვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, ისტორიით, კულტურითა და დემოკრატიული მისწრაფებებით, საშინაო და საგარეო პოლიტიკით ის დღითი-დღე ცივილიზებული სამყაროს სულ უფრო ორგანული და ღირებული შემადგენელი ხდება. ყოველივე ამან კი მნიშვნელოვნად უნდა დააჩქაროს ჩვენი სამშობლოს გაერთიანების, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესი!“– აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 19, 2020 22:51