2 წლის წინ 240 ბავშვი დადიოდა სპორტზე, დღეს – 643” – როგორ გაზარდა წალენჯიხამ სპორტით დაინტერესება თითქმის სამჯერ?

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, რომელიც ფრენბურთის სკოლას სტუმრობდა, ამბობს:

“ვულოცავ საქართველოს ისტორიულ გამარჯვებას, ჩვენ სპორტით უკვე ევროპაში ვართ და დავადასტურეთ, რომ სპორტი, თავისი ეროვნული ენერგიით, ეროვნული სახეობების ერთაშორის კონკურენციით დიპლომატიაც არის, პოლიტიკაც და გამოხატავს მთელი ერის საუკუნოვან გენიალურ მისწრაფებებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია პირველივე დღიდანვე ზრუნავდა სპორტის სახეობის განვითარებისთვის და შემიძლია გითხრათ, თუ 2 წლის წინ 240 ბავშვი დადიოდა სპორტის სხვადასხვა წრეებში, დღესდღეობით ეს რიცხვი 643 გახლავთ.

ეს არის ნახტომისებური რიცხვი რაც გამოიხატა, სპორტის სფეროს რეორგანიზაციით, სპორტის ყველა სახეობაში უფასო წრეებით და ასევე, ჩვენ თავზე ავიღეთ მივლინების ხარჯები. ვერ გამოვტოვებ აღნიშვნის გარეშე, იმ აგიტაციას და მიდგომას, რასაც მერია ახორციელებს სხვადასხვა სახეობის და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის რეკლამირებით.

ერთერთი ნათელი მაგალითია, ქ. ჯვარის ფრენბურთის სკოლა “ალტაირი”. ეს ქალაქი ყოველთვის გამოირჩეოდა სპორტული აქტივობებით და გააჩნია საკუთარი ტრადიციები.

2 წლის წინ დავიწყეთ ამ საკითხზე ზრუნვა შესანიშნავ მწვრთნელთან, ტარიელ ქუხილავასთან ერთად და დღეს უკვე გვაქვს თვალნათელი შედეგები. ჩვენი ახალგაზრდები ერთადერთნი არიან მთელს სამეგრელოში, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ჩემპიონატში და მინდა წარმატება ვუსურვო მათ.

როცა ჩვენ პრობლემებზე და გაერთიანებული ძალებით მათ აღმოფხვრაზე ვსაუბრობთ, ხშირად გვსაყვედურობენ, რომ სკოლები არ არის, თურმე, ადგილობრივი ხელისულფლების საზრუნავი და განათლების სამინისტრო მიხედავს, სპორტზეც გვეტყვიან, ალბათ, რომ სპეციალურმა სამინისტრომ უნდა მიხედოს, იგივეს გვეტყვიან ეკონომიკასა და გაჭირვებაზეც. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოში მოზარდთა 86% ვერ დადის სპორტულ წრეებზე ეკონომიკური პირობების გამო, ან ვერ დააინტერესეს ისინი სპორტით და ეს არის ძალიან ცუდი მაჩვენებელი.

ჩვენ დავუმტკიცეთ მმართველ გუნდს, რომ მომავალი თაობის დაინტერესება ჯანსაღი ცხოვრების წესით და სპორტით – ძალიან მოკლე დროში, ძალიან ეფექტურადაა შესაძლებელი, მიუხედავად ამისა, ისევ ვერ ვხედავთ ამ კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი, ყველას უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, რომ მოვიზიდოთ სპორტსმენები სხვადახვა წრეებში და მეტი ვარსკვლავები, მეტი ახალი სახეები შევმატოთ საქართველოს სპორტის ისტორიას.

ფრენბურთის სკოლა, “ალტაირის” მწვრთნელი, ტარიელ ქუხილავა, რომელიც ფრენბურთელია, სპორტის აკადემიის კურსდამთავრებული, ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სკოლა სულ რაღაც 2 წლის წინ დაფუძნდა, მოთხოვნა დიდია, დადიან ბავშვები სხვადასხვა სოფლებიდან, იღებენ მონაწილეობას თამაშებში და აქვთ უკვე გარკვეული წარმატებები, ამჯერად კი ემზადებიან საქართველოს ჩემპიონატისათვის, რომელიც პირველ აპრილს დაიწყება.

“მოთხოვნა დიდია, ბავშვები დადიან სხვადასხვა სოფლებიდან, შეიყვარეს სპორტის ეს სახეობა, ვარჯიშობენ, მიზნები აქვთ და ძალიან არიან მონდომებულნი, გვაქვს უკვე გარკვეული წარმატებები მიღწეული, მაგრამ წელს შედეგების გაუმჯობესებას ვგეგმავთ.

სავარჯიშო პირობების მხრივ, სახელმწიფო დარბაზის რეაბილიტაციას გვპირდება და ვნახოთ.

დღეის მდგომარეობით კი, ვემზადებით საქართველოს ჩემპიონატისთვის, რომელიც 1 აპრილს დაიწყება,” -ამბობს, გამოცემა თაიმერთან მწვრთნელი.

banner
წინა სტატიაშილაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომის მოულოდნელად გადადებას სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაეროვნული მუზეუმი არ განიხილავს და არც მომავალში განიხილავს ყოფილი თანამშრომლის მუზეუმში დაბრუნებას – ეროვნული მუზეუმი