19 მაისის არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმებს რვა უბანზე ელექტრონულად დაითვლიან

2019 წლის 19 მაისის არჩევნებზე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო პროცესში ხმების დათვლა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მოხდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის, ნათია მიქელაძის განცხადებით, ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი წყალტუბოს ოთხ და ტყიბულის ოთხს საარჩევნო უბანზე განხორციელდება. აღიშნულ რვა უბანზე ჯამში 7 762 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ელექტრონული ტექნოლოგიების საარჩევნო პროცესში გამოყენების პროექტი ცესკო-ს მიერ პირველად 2018 წელს, შუალედურ არჩევნებზე ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე განხორციელდა. საარჩევნო ადმინისტრაცია 19 მაისს გასამართ საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პროექტს მოდიფიცირებული სახით განახორციელებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება წინა, 2018 წლის გამოცდილება და პრაქტიკაში გამოვლენილი საკითხები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება“, – განაცხადა მიქელაძემ.

ცესკო განმარტავს, რომ რვა საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი განთავსებული იქნება საარჩევნო ყუთებზე. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს განათავსებს ხმის დათვლის აპარატში, ელექტრონული მოწყობილობა ასკანერებს ბიულეტენს და შედეგებს ითვლის ავტომატურად. საბოლოო ჯამში, კენჭისყრის პროცესის დასრულებისთანავე უმოკლეს დროში, ელექტრონულად დათვლილი წინასწარი შედეგების ინფორმაცია იქნება ცნობილი.

მიქელაძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული ინიციატივით მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობის განხილვას.

ცესკო-ს ინფორმაციით, ელექტრონული ტექნოლოგიების პროექტის შესახებ არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებისა და დიალოგის მიზნით, უკვე გაიმართა შეხვედრები, როგორც არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

საპილოტე პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული, კანადური საერთშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის – DELIAN მხარდაჭერით ხორციელდება

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო აუდიტის სამსახური – საქართველოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია არ აქვს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დაკავებული გაათავისუფლეს