169 მილიონი ლარის 12 პროექტი და შესრულება ნული – გიგი უგულავა

„12 ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ჯამურად 169 მილიონი ლარის ოდენობით იყო გაწერილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და შესრულება არის ნული,“ – ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, გიგი უგულავამ, საგაგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მან 12 ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა, რომელთათვის მილიონობით ლარია გამოყოფილი, თუმცა, უგულავას განმარტებით, მათი განხორციელება არც კი დაწყებულა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის შეფასებით, ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა. ის პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოს მთავრობას აკისრებს.

„ისმის კითხვა, ივანიშვილის მიერ პრემიერად მივლინებული პირი, ბატონი ბახტაძე, რომელიც როცა ბიუჯეტი იგეგმებოდა, იყო ფინანსთა მინისტრი, გვჭირდება თუ არა ეს პროექტები ჩვენ? გასაგებია, რომ ანაკლიის პორტისკენ მიმავალი გზა გადაჰყვა ხაზარაძეს, მაგრამ 10 მილიონი ლარი თბილისის სკოლების ენერგოეფექტურობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რატომ არ დაიხარჯა?“ – აღნიშნა უგულავამ.

გიგი უგულავას თქმით, წარდგენილი მონაცემები აუდიტის სამსახურს ეკუთვნის.

„ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა 11 მილიონი ლარი, შესრულება ნული. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მოწყობა – 10 მილონი ლარი, შესრულება – 0. მარნეულში მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა – 5 მილიონი ლარი, შესრულება – 0. ალგეთის სადახლო საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია 12 მილიონი ლარი, შესრულება – 0. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა 53 მილონი ლარი, შესრულება – 0. მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა 10 მილონი ლარი, შესრულება – 0. თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ლოჭინის-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა – 25 მილიონი ლარი, შესრულება – 0. თბილისის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტი 10 მილიონი ლარი, შესრულება ნული,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

banner
წინა სტატიაში“მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ – ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას სინოდს აკისრებს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა