“1 თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით”

ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ერთი თვის წინ მიიღო ინფორმაცია, იგეგმებოდა მისი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან.

როგორც ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო საკითხის გამოძიება.

„დღეს ბრიფინგის ჩატარებას არ ვაპირებდი, რადგანაც კონფიდენციალური ინფორმაცია მომაწოდა ანტიტერორისტულმა დეპარტამენტმა, გაოგნებული ვარ იმით, რაც შემდეგ მოხდა. გამოვედი ჟურნალისტებთან და პრაქტიკულად არაფერი მითქვამს. ამას მოყვა შეკითხვა ანტიტერორისტული დეპარტამენტის პიართანამშრომელი ეკითხება ჩვენს ჟურნალისტს, უნდა ჩავატარო თუ არა ბრიფინგი და იღებს პასუხს, რომ არა. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მიმართავს და ეუბნება, რომ მაშინ ჩვენ გამოვალთ ახლა და გავაკეთებთ განცხადებას. გამოდის ადამიანი, რომელმაც ძალიან უხერხულობაში ჩაიგდო თავი, რადგან ბევრჯერ გამაფრთხილეს, რომ არაფერი არ უნდა მეთქვა, გამოდის თავად ამბობს ყველაფერს თავიდან ბოლომდე. ამითი არამხოლოდ კონფიდენციალურობას არღვევას და იმ პირობას, რომელიც მე ჩამომართვა, ამით უსაფრთხოებას უქმნის ჩემს სიცოცხლეს.

ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. არ დამიწყია იმის გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, სიმართლეა თუ არ არის, არ შევსულვარ ამ განსჯაში, ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. ვუთხარი ყველაფერი, რაც ჩემთვის ცნობილი იყო, მათ დაიწყეს საკითხის გამოძიება, დამენიშნა დაცვის სპეციალური ღონისძიება. არაფერზე უარი არ მითქვამს. ამის შემდეგ, არც ერთი შეკითხვა არ დამისვამს, რადგან არ მიმაჩნია სწორად კონტრტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობის დროს კითხვების დასმა“, – განაცხადა გვარამიამ.

მისივე თქმით, შემოთვლის დონეზე იყო საუბარი, რომ ეს ინფორმაცია სერიოზული.

„დღეს დამიბარეს სუს-ში, მივედი, მეუბნებიან, რომ დასტურდება ინფორმაცია თქვენი ლიკვიდაციის შესახებ, რომ ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია და მეუბნებია, რომ თქვენ გარდა კიდევ იხილება სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია. რამდენჯერმე ვკითხე, დასტურდება თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, მეუბნებიან, უცხოეთის მოქალაქეები არიანო. გამიორმაგეს დაცვის ღონისძიება, მაგრამ გაოგნებული ვარ, რომ გამოვიდა ანტიტერორისტული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და მოყვა, შეკვეთილი მკვლელობის ამბავს, რომ იდენტიფიცირებული გვყავს პირებიო, პრაქტიკულად მათ უთხრა, იდენტიფიცირებული ხართო, მოყვა, რომ დაცვის ღონისძიება გამიორმაგეს, პრაქტიკულად უთხრა, ჩემი დაცვა ახლა უფრო რთულია, მარტივია, მინიშნება მისცა პრაქტიკულად, მოყვა სხვა ჟურნალისტთან დაკავშირებით, რაც ჩემთვისაც არ უნდა ეთქვა. როცა მე გამოვედი ვთქვი, რომ იმედი მაქვს, ეს წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის-თქო. არავითარი ეგეთი იმედი აღარ მაქვს, რადგან ახლა უკვე ეჭვი მეპარება, რომ ერთი თვის წინ მოწოდებული ინფორმაცია პროვოცირებული იყო საკუთრივ სუს-ის მიერ, რისი ეჭვი მაშინაც არსებობდა. ახლა საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ნამდვილად ასეა.

სუს-ის განცხადება ჩვენ პრაქტიკულად არ მოგვისმენია, ფარული ჩანაწერების გამოყრაზე. ჩემი შეკვეთილი მკვლელობის დადასტურება, ან დაცვის ღონისძიებებზე მინიშნება, მიზნად ისახავს საზოგადოების დაზაფვრას, განსაკუთრებით მედიასაზოგადოების. ახლა უკვე ველოდები, რომ ეს უცხოეთის მოქალაქეები აღმოჩნდებიან უცხოეთის მოქალაქეები და სააკაშვილი იქნება დამკვეთი. არავინ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ათქმევინებენ მათ. მეორე ვარიანტია, ამით გადაიფარება ის, რაც მიმდინარეობს ტელეკომპანია „ფორმულაში“. მინდა ამ ქვეყანაში ყველას ვუთხრა, რომ არც დაზაფვრა არ გამოვა, გახსნილი ტერაქტებით, რომელიც არ შეიძლება ილაპარაკო, ვიდრე არ დააკავებ ადამიანებს.

არ გამოვა „ფორმულას“ დაშინება, არ გამოვა მედიის დაშინება, არ გამოვა იმის დაჯერება, რომ გვარამიას ლიკვიდაციას სააკაშვილი გეგმავდა, არაფერი ეს არ გამოვა, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, კატასტროფული კრახი განიცადა „ქართულმა ოცნებამ“, 2 ოქტომბერს ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

წინა სტატიაშილომჯარია კეზერაშვილის საქმეზე: ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ შეიძლება იყოს დაწერილი საბოლოო გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად ყველა საჭირო ნაბიჯს ვდგამთ