“ხელისუფლება გაურბის პოლიტიკურ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარს”

ინტერპარტიულ ჯგუფში შემავალი პარტიები პარლამენტისგან საარჩევნო სისტემის განხილვაში ჩართვას ითხოვენ.

ინტერპარტიული ჯგუფის მთავარი მოთხოვნა მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. ოპოზიციამ, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის მოთხოვნით, წერილი საკანონმდებლო ორგანოში შეიტანა.

„საზოგადოებამ შესანიშნავად დაინახა, რომ ხელისუფლება ყველანაირად გაურბის პოლიტიკურ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საუბარს. მიუხედავად მათთვის შეთავაზებული არაერთი ფორმატისა, „ქართული ოცნება“ არ აპირებს შეასრულოს ერთ-ერთი მათი მთავარი დანაპირები – შეცვალოს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შექმნილი უსამართლო მაჟორიტარული სისტემა“, – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი.

მისი თქმით, ხელისუფლებამ აღიარა, რომ ოპოზიციის ვარიანტი სამხარეო პროპორციული სისტემა, არის სამართლიანი, მაგრამ მისი ამოქმედება 2016 წლის ნაცვლად 2020 წლიდან გადაწყვიტა. შესაბამისად საჯარო განხილვებიც მოაწყო, რომელიც ძირითადად თავის აქტივისტებთან შეხვედრებზე ჩაატარა. ბოლო მეათე შეხვედრა კი რომელიც 17 ოქტომბერს პოლიტიკურ პარტიებთან იყო დაგეგმილი, მოულოდნელად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმეს.

ახვლედიანის განცხადებით, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა ჩატარდეს, ამ მოთხოვნით ინტერპარტიული ჯგუფი პარლამენტში მიმართვით შევიდა. მისი თქმით, ხელისუფლებას მოუწევს გასცეს პასუხი იმ კითხვაზე, რომელიც არამხოლოდ ოპოზიციას, არამედ საზოგადოებას აწუხებს.

banner
წინა სტატიაშიბედუკაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ “რუსთავი 2-სგან” ტერიტორიის დატოვება მოითხოვა
შემდეგი სტატია,, მინდა სრულად გავემიჯნო იმას, რომ ვინმე ხელში იგდებს “რუსთავი2″-ს”