ჭავჭავაძის #43-ში ხანძარი სავარაუდოდ, წყლის გამათბობელმა გამოიწვია

ჭავჭავაძის #43-ში ხანძარი სავარაუდოდ, აივანზე დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია. როგორც ჟურნალისტებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა, მათი მისვლის დროს ცეცხლი სწორედ წყლის გამათბობელსა და აივანზე არსებულ ნივთებს ეკიდა. მისივე ინფორმაციით, დაიწვა შენობის მეხუთე სართულზე მდებარე საცხოვრებელი სახლის აივანი და შენობის სასხვენო ნაწილი. მთლიანობაში 25 კვ/მ-მდე ფართობი.
როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ცეცხლი სახლის შიდა ნაწილში არ გადასულა და მისივე თქმით, ხანძრის გაჩენის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები, თუმცა მათი ევაკუაცია დროულად განხორციელდა და ისინი არ დაშავებულან.
ადგილზე გამოძახებული იყო ოთხი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ასევე, მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადები.

banner
წინა სტატიაშიყაზბეგში არადეკლარირებული ვალუტა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიახელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები განათლების მინისტრს ხვდებიან