წყნეთის ტყე – სააკაშვილის საჯილდაო ქვა!

წყნეთის ტყე - სააკაშვილის საჯილდაო ქვა!

წყნეთის ტყე - სააკაშვილის საჯილდაო ქვა!მდინარე ვერე ადიდდა, წყალი უცებ მოვარდა, გზად ყველაფერი წალეკა, უამრავი ადამიანის სიცოცხლე თან წაიღო და დაწყნარდა… თითქოს მსხვერპლი ჭირდებოდა, ცაც დამშვიდდა…

თბილისი დღემდე ეძებს გარდაცვლილებს, ნაპოვნ ადამიანებს უკანასკნელ გზაზე აცილებს, ზარალს ითვლის, გლოვობს და მთავარი კითხვა: ვის არის ყველაფერ ამაში დამნაშავე, უპასუხოდ რჩება. არავინ ფიქრობს, რომ სტიქიის წინაშე ადამიანი უძლური არაა, მაგრამ შედეგი მიზეზთანაა კავშირში და სწორედ ამ მიზეზის დადგენა ჭირს ახლა, ამ მომენტში. გარდაცვლილთა ოჯახებისათვის რა შეღავათია, მაგრამ მაინც, საინტერესოა 3 თუ 5 საათიანი კოკისპირული წვიმა იყო ის, რასაც ათობით ახალგაზრდას სიცოცხლე უნდა წაეღო თან? შეიძლებოდა თუ არა მსხვერპლის გარეშე და მხოლოდ მატერიალური ზარალით დასრულებულიყო წარღვნა? საოცარია და ტრაგედიის მიუხედავად პოლიტიკური ფერების მიხედვით კეთდება განცხადებები, ახლაც ორი აზრია…

ის, რომ თავის დროზე, როცა ესტაკადა გაკეთდა, საჭირო იყო შეესწავლათ ადგილი, გაეთვალათ რისკები, შეემუშავებინათ პროექტი, რომელსაც სპეციალისტები განიხილავდნენ და ჩატარებულიყო მთელი რიგი აუცილებელი სამუშაოები, მაზე ნაციონალები დაობენ. „მთავარი ოპოზიციური ძალის“ მტკიცებით „ეს მეორე ხარისხოვანია“, სტიქია მაინც „იტყოდა თავის სიტყვას“, ხელისუფლების წარმომადგენლები საპირისპიროს ამტკიცებენ. რეალობა კი დამდგარი შედეგია და ის, რომ თავის დროზე „ახალი გზის“ ასეთი სახით გაკეთებას სპეციალისტების ერთი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა!

თბილისში მომხდარი ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა” (CENN) მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით მოკლე მიმოხილვა მოამზადა, სადაც ვკითხულობთ: „მდ. ვერეს აუზში პირველადი ტყე ადამიანის მოქმედებით ძლიერ არის დეგრადირებული. აუზის ზედაპირი ამჟამად დაფარულია XX საუკუნეში ადამიანის მიერ ძლიერ სახეშეცვლილი ტყითა და ტყე–ბუჩქნარებით, რასაც თითქმის მთლიანად აქვს დაკარგული წყალშემკავებელი ფუნქცია. ამიტომ, 13 ივნისს თავსხმა წვიმებით წარმოქმნილი ზედაპირული წყალი სწრაფად მოხვდა მდინარის კალაპოტში, ძლიერ გაიზარდა მდინარის წყლის ხარჯის მოცულობა (ერთ წამში მდინარის კალაპოტის განივ კვეთში გატარებული წყლის მოცულობა). კალაპოტის წყალგამტარუნარიანობამ ვერ უზრუნველყო ნიაღვრის სწრაფი გატარება, რამაც სათავე დაუდო კალაპოტისპირა ტერიტორიების დატბორვას. ეს არის 13 ივნისს მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის ძირითადი ბუნებრივი მიზეზიუმთავრესი ხელოვნური მიზეზი ამ წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგებისა არის მდ. ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე (რომელიც ქ. თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს), ხანგრძლივი არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგად, მდინარის კალაპოტის წყალგამტარუნარიანობის ნაწილობრივი პარალიზება“… პარალელურად ქვეყნდება იმ ადგილის ფოტოები საიდანაც მეწყერი მოწყდა, სპეციალისტები ამბობენ რომ მთას ვერ დაიმაგრებდა ხეების ფესვები, რომელიც „უკვე დაბერებულია“.

ასეთ ვითარებაში, საინტერესო იქნება ერთი სისხლის სამართლის საქმის გახსენება, რომელიც რატომღაც არავის გახსენებია, ესაა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, დათარიღებული 2005 წლის 4 ნოემბრით. სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ მანუჩარ კაპანაძემ, სახელმწიფო მბრალდებლის გიორგი ყაჯრიშვილის მონაწილეობით, ბრალდებულების შოთა მეფარიძის, შოთა მატიაშვილის, ჯიმშერ ჩარკვიანის და ონიკო კიკუაშვილის მიმართ, საქართველოს სახელით დაადგინა განაჩენი და პირობითი მსჯავრი დასდო დაკავებულებს. სასამართლოს ამ განაჩენს წინ უსწრებდა რამდენიმე წლით ადრე, 1995 წლის ოქტომბერში გარდაბნის რაიონის საგამოძიებო განყოფილებაში აღძრული სისხლის სამართლის საქმე N2199116 ზაზა მენთეშაშვილის მიმართ, დაბა წყნეთში ხელოვნურად გაშენებული 32 ძირი ფიჭვის მოჭრის ფაქტზე. ეს საქმე იმხანად შემდეგი გამოძიებისათვის შსს-ს დაექვემდებარა.  2004 წელს ეს საქმე გენერალურმა პროკურატურამ დაიქვემდებარა და პასუხისგებაში მისცა დაბა წყნეთის გამგეობის მიწათმოწყობის კომისიის თავმჯდომარე ომარ დალაქიშვილი, წყნეთის სათემოს თავმჯდომარე წენგუაშვილი, წყნეთელები  კიკუაშვილი, ხეჩუაშვილი, გარდაბნის მიწის მართვის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე  ნოდარ ბულისკირია, დაბა წყნეთის გამგებლები რევაზ არეშიძე, გია ოძელაშვილი, გარდაბნის რაიონის ყოფილი მოსამართლე ირაკლი კვეზერელი, სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე გივი ჯაფარიძე, სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ანდრიაძე, თბილისის სატყეო მეურნეობის ყოფილი დირექტორი შოთა მეფარიძე.

მოკლედ, ბრალდებულთა რაოდენობაც და თანამდებობებიც (ყოფილი თუ მოქმედი) ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურებოდა და არც ბრალი იყო მთლად ხელწამოსაკრავი. საქმე ისაა, რომ თავდაპირველად როცა ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის გამო გამოძიება დაიწყეს, ყველამ ძალიან კარგად იცოდა რომ ჯაფარიძე, იმჟამინდელი შს მინისტრის ოჯახის წევრი იყო და მას ხელს არავინ ახლებდა. ჯაფარიძის საქმიდან გაყვანა არა, შეყვანა გაუჭირდათ, თუმცა პირი რომლის მიმართაც გამოძიება დაიწყო ჯაფარიძესთან შედარებით ლიფსიტადაც კი არ მოგეჩვენებოდა „აკვარეუმში“. საქმე გაჭიანურდა და ამასობაში ე.წ. ვარდების რევოლუციაც მოხდა.  1999 წლის საქმე თაროდან ჩამოიღეს და პროკურატურამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ პასუხისგებაში მისცა არა ერთი პირი. ბუნებრივია ისმის კითხვა – რამ გაახსენა ხელისუფლებას დაობებულ-დაჭაობებული მასალები?

შემთხვევით არაფერი ხდება, ამ შემთხვევაშიც არაფერი მომხდარა შემთხვევით. ეს არ იყო არც სამართლის დადგენა და არც წყნეთის გადარჩენის სურვილი, ეს არც მეტი არც ნაკლები პირადი ანგარიშსწორება იყო:

ყველაფერი დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა „მოქალაქეთა კავშირი“ ამტკიცებდა რომ მათი „ვარსკვლავთბიჭუნა“ მიხეილ სააკაშვილი „რეფორმების მამა“ იყო. პირველი „წარმატებული“ სასამართლო რეფორმის შემდეგ, სააკაშვილის მზერა წყნეთს მიწვდა, „რეფორმატორი“ ჯერ თბილისიდან წყნეთის გამოყოფის და გარდაბნისთვის მიერთების იდეით გამოვიდა, რითაც „ქალაქელის სტატუსი“ მოუხსნა დაბას და ამის შემდეგ უკვე წყნეთის ტყე-პარკის უკანონო ჭრაზე ალაპარაკდა.

ეს მოხდა 2000 წლის აგვისტოში, სააკაშვილი თავისი გუნდის რამდენიმე „რეფორმატორთან“ და მისთვის სასურველი ჟურნალისტების არმიასთან ერთად წყნეთში ავიდა. „გუნდთან“ ერთად მოიარა დაბა, სადაც სახლი დაინახა ყველა შს სამინისტროს მაღალჩინოსნების საკუთრებად გამოაცხადა (მოგვიანებით კი დადასტურდა რომ სააკაშვილის აღმოჩენილი არც ერთი სახლი, პოლიციის ჩინოსნების საკუთრება არ იყო) და ტყეების გამანადგურებლად ამ ტყეების გამშენებელი შოთა მეფარიძე გამოაცხადა. მიშას იმდღევანდელი ვოიაჟი სანადირო თოფის გასროლით დასრულდა. საქმე ისაა, რომ სააკაშვილი მეფარიძეს სახლში მიუვარდა, ჭიშკრის წინ „მიტინგი მოუწყო“ და მეფარიძის კერძო საკუთრებაში, სახლში შეჭრა სცადა. ეზოში შესულ მიშას ჯერ კავკასიური ნაგაზი „გამოეგება“, შემდეგ კი აივანზე გამოსულმა მასპინძელმა სანადირო თოფი ჰაერში ისროლა და „დიდი რეფორმატორი“ გააფრთხილა – კიდევ ერთ ნაბიჯს გადმოდგამ და გესვრიო. დამფრთხალმა მიშამ უკანმოუხედავად მოკურცხლა, ხოლო მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე აღიძრა. საქმე ტაროზე შემოდეს და პასუხისგებაში, მიუხედავად იმისა მეფარიზე კატეგორიულად ითხოვდა მოძალადის დასჯას, არავინ მისცეს. გავიდა სამი წელი და სააკაშვილმა ანგარიშის გასწორება 83 წლის მოხუცით დაიწყო.

აწგარდაცვლილი შოთა მეფარიძე მაშინ აცხადებდა:

„30 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი წყნეთში ამოვიდა და გამგეობაში მაფიის წევრებს შეხვდა… ამ შეხვედრის დამსწრეებმა გადმომცეს, სააკაშვილს უთქვამს, მეფარიძე  გააძევეთ და ჩაქოლეთო. სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა მაფია ჩემს წინააღმდეგ.

ძმებს ომარ და არტაშ დალაქიშვილებს, რეზო ხეჩუაშვილს, ელვარდ შაყულაშვილს, ყოფილ გამგებლებს არჩილ მამუკაშვილს და გიორგი ოძელს, კოლია წენგუაშვილს, ლოვა ჯავახიშვილს, გია დათუნაშვილს… სააკაშვილი ამ ბანდას მოუძღოდა, მათ უნდათ ჩემი მოშორება, რადგან მე ვუშლი ხელს მიწების განიავებაში. მერიის წინანდელმა ხელმძღვანელობამ ამ მაფიას მიწის საკუთრების ნებართვა იურიდიულად გაუფორმა და დაუკანონა. 1995-97 წლებში, როდესაც მაფიამ  ხე-ტყის გაჩეხვა დაიწყო, სატყეოს დირექციამ, ტყის მცველებმა შევადგინეთ აქტები და საჩივრით მივმართეთ პროკურატურას, გარდაბნის პოლიციას, საგამოძიებო ორგანოებს… იმის ნაცვლად, რომ საჩივრებზე რეაგირება მოეხდინათ, უკან დაგვიბრუნეს. დაიგვიანეთ, იმ დღესვე უნდა მოგემართათ და არა მესამე დღესო. მერე ჩვენ ისევ უკან ვუგზავნიდით საჩივრებს და ასე პინგ-პონგის თამაში გამოვიდა. ერთადერთი, ვინც მიწის მიტაცებაზე ჩვენი საჩივრები დააკმაყოფილა და მიწები კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნა, ეს იყო გარდაბნის სასამართლო. ასეა… როგორც ჩანს, მერიის ადრინდელი ხელმძღვანელობა ამ მაფიასთან იყო შეკრული. მათ მიტაცებული მიწები 40000-50000 დოლარად გაყიდეს. მე ამ გარიგებაში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგრამ ფაქტია, გაჩეხილი ტყის მიწები ვისზეც გაიცა, ყველა გაიყიდა… 42 ჰექტარი მიწის ფართობი. სახელმწიფო მინისტრის დადგენილებით ჩვენ მიწა წყნეთის მოსახლეობას და სხვადასხვა ოფიციალურ უწყებებს მივეცით. მაფიამ კი გაჭირვებულ და გაღატაკებულ  წყნეთელ მოსახლეობას კი არ მისცა მიწის ნაკვეთები, არამედ გაყიდა და ხელი მოითბო. 85 ჰექტარი მიწა, მთავრობის 300 სახლი და აგარაკი ვის მიჰყიდეს, დაინტერესდნენ სამართალდამცველი ორგანოები? ვინც მთავრობის სახლში შესახლდა და მათ ფული არ მისცა, სასამართლოს ძალით გამოაძევეს.”

 

ბევრმა არ იცის და სააკაშვილს ვიდრე წყნეთის ტყის დაპატრონების სურვილი გაუჩნდებოდა, მანამ შოთა მეფარიძესთან იყო მისული. ძალიან სარფიანი წინადადების მიუხედავად მეფარიზემ სააკაშვილს უარი უთხრა, მოგვიანებით კი, კომიტეტის სხდომაზე საჯაროდ გაუხსენა ვიზიტი და მიახალა: შენ არ იყავი წილში ჩაგსვამო რომ ეუბნებოდი და უარი მიიღე? ამიტომაა გაცოფებული რომ ხარ!

მოკლედ, ეს ბრძოლა მოიგო მიშამ, მოვიდა ხელისუფლებაში თუ არა პირველი ვისთანაც პირადი ანგარიში გაასწორა იყო შოთა მეფარიძე. ფაქტი შემთხვევით არ გაგვხსენებია, მიუხედავად იმისა სააკაშვილი მეფარიძეს ასახელებდა ტყეების გამანადგურებლად და მას წყნეთის ფეოდალს ეძახდა, განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სწორედ სააკაშვილის ვაკის დეპუტატობიდან პრეზიდენტობამდე პერიოდში გაჩანაგდა წყნეთის ტყე. არავინ ამტკიცებს რომ ზემოთჩამოთვლილი რომელიმე ჩინოსანი ფრთიანი ანგელოზი იყო, მაგრამ ისინი მიშას მადასთან ვერასდროს მივიდოდნენ…

ახლა, როცა ტრაგედია მოხდა, ამიტომ მხოლოდ წყნეთის ტყეს ვიხსენებთ, თორემ იგივე მეთოდით შეუტიეს თავის დროზე დიღმის ტყესაც, ბორჯომის ნაკრძალს, სამეგრელოს ტყის საფარს…

წყნეთის გარდა არც სხვა „საინტერესო“ ადგილების ხე-ნარგავებისაგან გამოთავისუფლება გაჭირვებია წინა ხელისუფლებას და არც ახალი ხელისუფლება ამბობს უარს ხე-ტყის სარფიან ბიზნესზე…

ასე, რომ ფრთხილად, ხელისუფალნო, ერთხელაც იქნება წყალი თქვენც წაგიღებთ და ლოცვებში არავინ მოგიხსენიებთ….

 

banner
წინა სტატიაშიევროპა რუსულ ქონებას აყადაღებს
შემდეგი სტატიათბილისში ვიდეოხაფანგი დამონტაჟდა