ევროპა რუსულ ქონებას აყადაღებს

ავსტრია მესამე ევროპული ქვეყანა გახდა, რომელმაც კომპანია ,,იუკოსის,, აქციონერთა საჩივრის გამო საკუთარ ქვეყანაში არსებული რუსეთის აქტივები დააყადაღა…
გუშინ ბელგიაში დაწყებული რუსეთის ფედერაციის ქონების დაპატიმრება დღეს საფრანგეთმა და ავსტრიამ განაგრძო… აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა პარიზში არსებული პროპუტინული, მრავალენოვანი რუსული ტელეკომპანია ,,რაშა თუდეის,, საკუთრებაში არსებული ოფისი დააყადაღა.
ავსტრიის ელჩმა რუსეთში ემილ ბრიქსმა, სამუშაო დღის ბოლოს სააგენტო ,,რია-ნოვოსტი,,-ს დაუდასტურა, რომ მისმა სახელმწიფომაც დააყადაღა რუსული აქტივები. ბელგიის ელჩისაგან განსხვავებით, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყებამ დღეს პროტესტი გადასცა, ჯერჯერობით ლავროვის უწყებას ავსტრიელი ელჩი არ დაუბარებია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ავსტრიელი დიპლომატი კი რუსული პრესისთვის სიტყვაძუნწი გამოდგა და მხოლოდ შემდეგი ფრაზით დააკმაყოფილა მასმედიის წარმომადგენლების ინტერესი : დიახ, მე ვიცი ამ პრობლემის შესახებ.
ბელგიური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ,,იუკოს იუნივერსალ ლიმითედის,, რომლის ექს-ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი იყო, აქციონერები კომპანიის გაკოტრებისა და 2007 წელს ლიკვიდირების გამო, რუსეთის ხელისუფლებას 1 მილიარდ 652 მილიონ 685 ათას 360,24 ევროს ედავება.
კომპანიის ექს-ხელმძღვანელმა და ყოფილმა პოლიტპატიმარმა მიხეილ ხოდორკოვსკიმ, ,,ტვიტერის,, მეშვეობით კმაყოფილება გამოხატა ევროპაში რუსული ქონების დაყადაღების გამო და იმედი გამოთქვა, რომ დაბრუნებული სახსრები რუსეთის საზოგადოებისათვის სასარგებლო პროექტებში ჩაიდება.

banner
წინა სტატიაშიოკუპანტ-შოუ ცხინვალში ,,თიბილო-ბიბილოს,, დასამშვიდებლად (VIDEO)
შემდეგი სტატიაწყნეთის ტყე – სააკაშვილის საჯილდაო ქვა!