ძალოვანთა უფლებებს ახალი დეპარტამენტი დაიცავს

დღეიდან საქართველოს სახალხო დამცველთან ძალოვანების უფლებათა დამცველის დეპარტამენტი ამოქმედდა. უკვე ცნობილია, რომ ახალი სტრუქტურის ხელმძღვანელი თამარ გაბიანი იქნება. დეპარტამენტი ძირითადად ვეტერანების და ახალწვეულების მიმართულებით იმუშავებს.

“არ მგონია, სამინისტრო შემოწმების წინააღმდეგი იყოს. ჩვენ ეს კანონის ძალით შეგვიძლია. ასევე შეუძლია სამინისტროში მონიტოინგი განახორციელოს სახალხო დამცველის აპარატმაც,” – აცხადებს თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გაბიანი.

ახალ დეპარტამენტს მნიშვნელოვნად აფასებს სახალხო დამცველიც.

“საუბარია უზარმაზარ სექტორზე და ათასობით ადამიანზე და მათი უფლებების დაცვაზე. ეს დეპარტამენტი იქნება მთავარი მექანიზმი სამხედროების უფლებების დაცვის კუთხით,” – აცხადებს ნანუაშვილი.

ძალოვანთა უფლებადამცველთა დეპარტამენტის მუშაობას დადებითად აფასებენ თავდაცვის სამინისტროშიც, სადაც აცხადებენ, რომ დაწყებულია მუშაობა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის გამტკიცებისთვის.

“ვმუშაობთ გენდერული თანასწორობის მიმართულებით. ასევე ვმუშაობთ, რომ ყველა ჯარისკაცმა ღირსეულად იაროს ამ ქვეყანაზე,” – აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანი.

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე კი ამბობს, რომ ჯარისკაცთა მდგომარეობა გასულ წლებთან შედარებით გაუმჯობესდა.

“ჯარისკაცის უფლებები დაცულია ისე, რომ ვერც კი შევადარებ წინა წლებს. ყველანაირად გაუმჯობესებულია ჯარისკაცების ყოფნა. გაეზარდათ ხელფასები. ასევე დაჭრის შემთხვევაში პენსია და დახმარება, თუ ისინი დაიღუპებიან. ეს არ არის მაქსიმუმი, მაგრამ მიმდინარეობს მუშაობა,” – აცხადებს გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე.

banner
წინა სტატიაშიავიაკატასტროფა საფრანგეთში – ყველა მგზავრი დაღუპულია
შემდეგი სტატია“უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია პოლიტიკური მოტივით არიან დაპატიმრებული,” – გიორგი ტუღუში